"ბერძნული მხარე ძალიან კეთილგანწყობით გვეთანამშრომლება" - საქართველოს ელჩი საბერძნეთში

14 Jun 2019 19:48

საბერძნეთში ამ ეტაპზე ძირითადად არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი საქართველოდან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს.


მისივე თქმით, საელჩოს ფუნქციაა, შეიქმნას პლატფორმა, სადაც ბერძენი და ქართველი ექსპერტები შრომის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, გამოკვეთენ იმ სფეროებს, სადაც შეიძლება ერთმანეთს შრომითი ბაზარი გავუხსნათ.


„ახლა ექსპერტების ჯერია განსაზღვრონ, პროფესიული კუთხით სად შეუძლია საქართველოს მოქალაქეს დასაქმება. მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარე კვირას უნდა ჩატარებულიყო ექსპერტთა შეხვედრა ათენში, თუმცა ევროკავშირის არჩევნებმა აქ პოლიტიკური ლანდშაფტი შეარყია და ექსპერტების შეხვედრა გადავადდა“, - აღნიშნავს ელჩი.


იოსებ ნანობაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საელჩოს მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე სწორედ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფლობდეს საბერძნეთში ლეგალური ბინადრობის ნებართვას.


„თავად საბერძნეთს აქვს არჩეული პოლიტიკა, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამარტივება მოხდეს ბინადრობის უფლების მინიჭების. ჩვენ ამ უწყებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. თავის მხრივ, ჩვენ თვითონაც ვუზიარებთ სამინისტროს ჩვენ გამოცდილებას და გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომელი სოციალური ჯგუფებისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს სოციალური ბინადრობის უფლების გამარტივება. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს 5008 მოქალაქემ მიიღო საბერძნეთში ბინადრობის ლეგალური უფლება, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ტენდენცია მომავალში გაგრძელდება.


ბერძნული მხარე ძალიან კეთილგანწყობით გვეთანამშრომლება. ხდება საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვის ვადების დაჩქარება. მაქსიმალურად ცდილობს, რომ არსებული რესურსი გამოიყენონ იმისთვის, რომ განცხადებების განხილვის ვადები შემჭიდროვდეს და სადაც დამატებითი ადამიანური რესურსია საჭირო, ამატებენ თანამშრომლებს", - განაცხადა ელჩმა.


კომენტარები:

ფართი შოპი