ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტიც კომუნისტია და რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი აქტი, ამ ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან - მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოში არ უნდა ჩატარებულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.
“ასეთი ორგანიზაციები არის რუსეთისთვის ბერკეტი, რომ შემოვიდნენ როგორც კრავები, როგორც ერთმორწმუნეები, როგორც კეთილის მსურველები საქართველოში, მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ იმიჯს ამ ორგანიზაციის ქვეშ ფარავენ. ორგანიზაცია, რომელსაც კომუნისტი ხელმძღვანელობს, ჩემთვის ერთმორწმუნეთა საზოგადოება არ არის. ეს ადამიანი (სერგეი გავრილოვი) აქ არ უნდა ჩამოდიოდეს - ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას მისცა ხმა, დღეს როგორც მეგობარი, ამ ქვეყანაში არ უნდა ჩამოდიოდეს. მართლმადიდებლური ორგანიზაცია, სადაც კომუნისტი არის შენი პრეზიდენტი არის დაცინვა და პროფანაცია ყველანაირი ნორმალური ვითარების. პარადოქსია, ეს არის დაცინვა მართლმადიდებლობის და ჩვენი სახელმწიფოსი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგო რატიანმა.
19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალურ ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მათ შორის არიან რუსი დეპუტატები.
IPN.GE