იურისტის რჩევები - რა უნდა ვიცოდეთ მშენებარე ბინის შეძენისას...

12 Jul 2017 00:31

ახალი ბინა, ახალმოსახლეობა, არაჩვეულებრივი ემოციებია. თუმცა არსებობს სხვა გამოცდილებაც, როდესაც ბინის ნაცვლად ხელში „ჰაერი" გვრჩება... კითხვები - ვიყიდო? არ ვიყიდო? გავრისკო თუ არა მშენებარე ბინის შეძენა? აქტუალურობას არ კარგავს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მივმართეთ ადვოკატ მონიკა რუხაძეს.


 

- ქალბატონო მონიკა, რა სამართლებრივი პრობლემები იჩენს თავს მშენებარე ფართების შესყიდვასთან დაკავშირებით და რამდენად ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის?


- სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მყიდველი უშვებს საბედისწერო შეცდომას, რაც განპირობებულია საჭირო ინფორმაციის ნაკლებობით. იგი დებს ხელშეკრულებას, რომელიც სამართლებრივად არ უზრუნველყოფს მის მიერ გადახდილი თანხის დაცვას. ერთ-ერთი ასეთი შემთვევაა, როდესაც სამშენებლო კომპანია ყიდის აუშენებელ ფართს და საჯარო რეესტრში წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებას არეგისტრირებს, რომელიც მოიცავს ასაშენებელ მრავალბინიან სახლში გარკვეული ფართის მიღების უფლებას, თუმცა, ამ ფართის არსებობა არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით. ხშირ შემთხვევაში, არც პროექტია შეთანხმებული  და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული, მიწის ნაკვეთი კი დატვირთულია ვალდებულებებით და შეუძლებელია დაზარალებულის ზიანის ასანაზღაურებლად მისი აღსასრულებლად მიქცევა. მყიდველი კი ხშირ შემთხვევაში - უსაფუძვლოდ, დარწმუნებულია, რომ შეიძინა უძრავი ქონება და საჯარო რეესტრის ამონაწერი მის მიერ გადახდილი სოლიდური თანხის დაცვას უზრუნველყოფს.


 - გამოცდილებიდან გამომდინარე, რა წესების დაცვას ურჩევდით მშენებარე ფართის შეძენის მსურველს?

 

 - პირველ რიგში, უნდა მოხდეს შესაძენი მშენებარე ფართის იდენტიფიცირება საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული უძრავი ქონების მონაცემები - ფართობი, სართულიანობა და მესაკუთრე. ასევე, სასურველია სართულის გეგმის ნახვა. ეს პირველადი მოთხოვნებია, თუმცა სრული დაცულობის გარანტიას არ იძლევა. გარიგების დადება მნიშვნელოვანი აქტია, ამ დროს ან მყიდველი თავად უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას, ან მიმართავდეს ადვოკატს.


-ქალბატონო მონიკა, რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც საკუთრარი სახლების მიმდებარედ მშენებლობის წარმოებას აპროტესტებენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში უშედეეგოდ?

 

 -გარდა ინფორმაციის გავრცელების და პროტესტის გამოხატვისა, აუცილებელია, სწორად და დროულად იყოს წარდგენილი სამართლებრვი მოთხოვნები, დაცულ იქნას სადაო ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან მისი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დასაბუთებული და სამართლიანი პოზიციისა, მათი სარჩელები შეწყდება დასაშვებობის ეტაპზე.


 - რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ, ზოგადად, მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად  გარიგების დადებისას?

 

 - გარიგება არის მხარეთა ნების გამოვლენა, რომლის შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სწორად და კვალიფიციურად შეედგენილი ხელშეკრულებით. შესაბამისად, ინდივიდუალურია ყველა გარიგება და მისი დადება აუცილებელია განხორციელდეს იურისტთან კონსულტაციის შემდგომ, რათა ჩანასახშივე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბიზნესთან თუ უძრავი ქონების ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები, ეს მომხმარებელს აარიდებს ხანგრძლივ სასამართლო დავებს.



მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" ექსკლუზივი


კომენტარები:

ფართი შოპი