„დღეს მხოლოდ ორი რამ დააკლდა საქართველოს სრულ ოკუპაციას, ეს გახლავთ პარლამენტის თავზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის გაჟღერება,“ - ეს განცხადება, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქაცარავამ გააკეთა.
ქაცარავა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად სასტუმრო "რედისონის" უკანა შესასვლელთან, სამანქანო გზასთან იმყოფებიან და რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის გამოვლას ელოდება.
„ბლოკირებულია თვითონ რედისონის მიერ ყველა შესასვლელი და ფასასვლელი. გავრილოვი იმყოფება ჯერჯერობით, რედისონში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური აპირებდა მის გაყვანას ამ გასასვლელიდან. ჩვენ ჩამოვედით აქ, რომ გავრილოვს შევუქმნათ დისკომფორტი, მან განაცხადა დღეს, ბედნიერია, და სრულ კომფორტში არის ადამიანი, რომელიც კლავდა ქართველებს აფხაზეთში, რომელმაც ხელი მოაწერა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს აქტს,’ - განაცხადა ქაცარავამ.
დავით ქაცარავა ითხოვს, რომ გავრილოვმა რუს დეპუტატებთან ერთად დატოვოს საქართველო და ასევე, ბოდიში მოიხადონ იმ დეპუტატებმა, ვინც მათ შემოსვლას ხელი შეუწყეს.
„ჩვენი ორი მოთხოვნა არის, რომ სასწრაფოდ დატოვოს გავრილოვმა საქართველოს საზღვრები, ჩვენ არ მივცემთ მას თავისუფლად სუნთქვის საშუალებას და ის ასამბლეა, რომლის გაგრძელებასაც ესენი იმედოვნებენ, მშვიდად არ გაგრძელდება, გავრილოვის გამო. მეორე მოთხოვნა არის, იმ დეპუტატებმა, იმ საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ჩამოაბრძანა ეს ადამიანი საქართველოში, ბოდიში უნდა მოიხადოს,“ - განაცხადა ქაცარავამ.