"20 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებების შედეგად მოხდა აგრესიული მომიტინგეების შეჩერება" - მაია ცქიტიშვილი

28 Jun 2019 21:04

გიორგი გახარიას გადადგომას, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებას არავითარი ლოგიკური ჯაჭვი არ აქვს, ვინაიდან პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, ლეგიტიმურად. შესაბამისად, ამ ნაწილში, შს მინისტრს პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ვერ აღკვეთდა გადატრიალების, პარლამენტის შტურმისა და მასობრივი არეულობების შემთხვევებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მიისვე განცხადებით, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმაციის თაობაზე კითხვები არ არსებობს.


„კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო შს მინისტრს ჩემი მხარდაჭერა. პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ საქართველოში სამწუხაროდ, უკვე იყო ისეთი ვითარება, როდესაც ორჯერ, სწორედ პარლამენტის შტურმის შედეგად მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ძალადობრივი გზით. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ იყო შს სამინისტროს მხრიდან აღკვეთილი პარლამენტზე შტურმის შემთხვევა, მაშინ, როდესაც 2019 წლის 20 ივნისის ღამეს სწორედ, პოლიციის ქმედებების შედეგად მოხდა იმ აგრესიული მომიტინგეების შეჩერება, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ სწორედ პარლამენტში ძალადობრივი შეღწევის გზით ხელისუფლების გადატრიალება და დამხობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვა, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ყველა თანხმდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორები, რომ პოლიციას ჰქონდა უფლება ძალა გამოეყენებინა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


20-21 ივნისის მოვლენებზე როდესაც დილეტანტებს აქვს კითხვები, კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები დემონსტრანტების მიმართ და ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება.



როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, აქციის დასაშლელად არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები და ლეტალური იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.



„როდესაც დილეტანტებს აქვს კითხვები კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს, მათ, ვინც იციან, თუ რა სახის სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული. მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რა აღჭურვილობა აქვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც იგულისხმება აქციებზე რეაგირების და საპოლიციო ღონისძიებების დროს გამოყენებისთვის. შესაბამისად, არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები, ლეტალური იარაღი და ა.შ. არ გვაქვს საუბარი. მათ არსენალში არის მხოლოდ ის საშუალებები, რომლის გამოყენების უფლებაც მათ აქვთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, ამა თუ იმ ტყვიის გამოყენება, ამას აქვს თავისი გამოყენების წესები, სროლის მანძილი და სწორედ ეს არის ექსპერტების, გამომძიებლების და არა დილეტანტების გამოძიების საკითხი“, - განაცხადა ცქიტიშვილმადა დასძინა: „ცეცხლი არ იყო გახსნილი; არც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ყოფილა არავითარი ცეაცხლი“.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი