„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების, სამართლიანი პროტესტი" - მამუკა ბახტაძე

28 Jun 2019 21:18

ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მცდელობა, რომ მოგვეხდინა დეპოლარიზაცია საზოგადოებრივი ცხოვრების და პოლიტიკური დღის წესრიგისაც; სამწუხაროდ, ჩვენ ვერ აღმოვჩნდით ბოლომდე ეფექტურები და წარმატებულები ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.



ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა შეცდომა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, რაზეც მამუკა ბახტაძემ უპასუხა: „მე ვაკეთებ იმ შეფასებებს, რასაც თითოეული ჩვენთაგანი უყურებს“.



„20 ივნისს რაც მოხდა, ყველამ დაინახა თავისი ტელევიზორების ეკრანებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების, ხაზი მინდა გავუსვა, სამართლიანი პროტესტი. მე თქვენ დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომელსაც სხვა სიტყვებით ვიტყვი, მაგრამ შინაარსი იგივეა და ეს ეხება საზოგადოების და პოლიტიკური ველის პოლარიზაციას. დიახ, ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მცდელობა, რომ მოგვეხდინა დეპოლარიზაცია საზოგადოებრივი ცხოვრების და შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგისაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ აღმოვჩნდით ბოლომდე ეფექტურები და წარმატებულები ამ მიმართულებით, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ შემთხვევაში ბატონი სააკაშვილის მცდელობა ყოველთვის იყო რადიკალიზაცია და საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაცია“, - განაცხადა ბახტაძემ.



მისივე თქმით, პოლარიზებული გარემო ჩვენს ქვეყანას ხდის უფრო ადვილად მოწყვლადს, უფრო ადვილ სამიზნეს და შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს საქართველოს მტრების ინტერესში.



„რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც მმართველ ძალას, გვაქვს ვალდებულება, რომ წინ აღვუდგეთ რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრებას საქართველოში, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაშიც. მათ შორის, გავაკეთოთ ყველაფერი დეპოლარიზაციისთვის. მნიშვნელოვან კავშირს გავაკეთებდი ამ პრობლემასა და იმ უპრეცედენტო ინიციატივას შორის, რომელიც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა და ვგულისხმობს პროპორციული არჩევნების ჩატარებას ნულოვანი ბარიერის პირობებში. ეს არის ძალიან პრინციპული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ მეორე ნაბიჯად, საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. ვფიქრობთ, სწორედ მსგავსი სისტემით ჩატარებული არჩევნები დაგვეხმარება იმაში, რომ მოხდეს ამ აგრესიული დღის წესრიგის შეცვლა და საზოგადოებაში დეპოლარიზაცია“, - განაცხადა ბახტაძემ.

IPN.ge


კომენტარები:

ფართი შოპი