"ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.
ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიერ წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო. ზურაბ კიწმარიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია დეტალები თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებაზე.
„ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას "რუსთავი 2"-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა არ გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის "რუსთავი 2", როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. „რუსთავი 2"-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა ჰქონდა პრეტენზია „რუსთავი2“-ზე და თუკი მისი ოჯახი რაიმე სამართლებრივ დავას დაიწყებს ამ მიმართულებით, ის გვერდში დაუდგება მათ.
„თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია "რუსთავი 2"-ზე და თვლიდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული“, - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.