“ისეთი ვითარება შეიქმნა, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ იოცნებებდნენ!” - ზაზა ფირალიშვილი

22 Aug 2019 02:50

“ვფიქრობ, ქუცნაშვილისა და კობახიძის გადადგომის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა შეეწყვიტათ პროტესტი - პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის თვალსაჩინო დეპუტატის გადადგომა უკვე ძალზე დიდი მიღწევაა ნებისმიერი ქვეყნის ახალგაზრდული მოძრაობისათვის. ამით ისინი წარმატების პრეცედენტს შეინარჩუნებდნენ და დაგვანახებდნენ, რომ თურმე საზოგადოებას, როგორც სუბიექტს, შეუძლია რაღაცის მიღწევა. შემდეგ უკვე მოძრაობის ორგანიზაციულ მოწესრიგებასა და ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე შეეძლოთ ეზრუნათ”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ფირალიშვილი: “შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ იოცნებებდნენ” / „რუსეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანზე მის მონოპოლიას ეჭვქვეშ დააყენებს”.


“არცთუ უსაფუძვლოა ეჭვი, რომ მავანი საგანგებოდ არწევს ჩვენს სახელმწიფოებრივ ნავს და საამისოდ ჩვენვე გვიყენებს, ჩვენი ხასიათის ბევრ სავალალო თვისებას, უუნარობას, დიალოგი დავამყაროთ თუნდაც რადიკალურად დაპირისპირებულ ძალებს შორის, თავი დავაღწიოთ თავკერძაობას, ხელისუფალთა ნარცისიზმს და ოპოზიციის მცდელობას, ნებისმიერ ფასად მოიპოვოს ძალაუფლება... ზოგჯერ ვფიქრობ, მოსკოვს არც კი სჭირდება პოლიტიკური ძალების საგანგებო მობილიზება. საკმარისია, გარეჯაში, ჯავახეთში ან სადმე სხვაგან რაიმე პროცესებს შეუწყოს ხელი, დანარჩენს უკვე ჩვენ ვაკეთებთ... ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა.შ., ისე გულგრილად ეკიდება ანაკლიის პორტის ბედს, თითქოს საქმე ხაზარაძისა და მისი პარტნიორების კერძო ბიზნესს ეხებოდეს. არადა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესის ინტერესები ემთხვევა საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ პროექტის დასამარება. კარგად გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ ნავთობსადენისა და სატრანსპორტო დერეფნის იდეას 90-იან წლებში. მაშინაც ამ ბრძოლის სულისჩამდგმელი მოსკოვი იყო. მაშინაც ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ სინამდვილეში ეს იყო შევარდნაძეების კლანის საქმე, რომელიც ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირების მეტს არაფერს მოუტანდა. გამოჩნდა რამდენიმე ეკოლოგიური პროფილის არასამთავრობოც, რომლებიც მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე აყიჟინდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.


“ნებისმიერი პროექტი, რომელიც გაზრდის ჩვენი, როგორც რეგიონული მოთამაშის მნიშვნელობას და რომლის წყალობითაც მხოლოდ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ტურისტულ რეგიონად არ დავრჩებით, რუსული პოლიტიკისთვის მიუღებელია. ის შეეწინააღმდეგება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანზე მის მონოპოლიას ეჭვქვეშ დააყენებს. ამიტომაც არსებობს უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ ბატალიებში მოსკოვისა და მისი თბილისელი მოკავშირეების ხელი ურევია. პროექტთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ საეჭვო კი არ არის, უბრალოდ აშკარაა, რომ რუსული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება ხდება. ცხადია, ამქვეყნად მარტო არა ვართ და არაერთი ქვეყნის, მათ შორის რუსული ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა საკუთარი მომავლის დათმობისა და რუსული იმპერიის წიაღში ეგზოტიკურ, ღვინის მსმელ და ხინკლისმომხვევ არსებებად დაბრუნების ფასად”, - განაგრძობს ფილოსოფოსი.


“2013 წლის შემდეგ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად ფასადური პროდასავლურობისა, იმაზე მეტად ითვალისწინებდა რუსულ ინტერესებს, ვიდრე ეს დასაშვები იყო. ცხადია, სააკაშვილის ცეცხლოვანი ანტირუსული რიტორიკა დაუშვებელი იყო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. ანაკლიის პორტზე შეტევა ამ ეჭვს ტოვებს. არც დასავლელი პარტნიორები არიან კმაყოფილი “ოცნების” ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკით და უკმაყოფილება, ალბათ, გაორმაგდება ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის შემთხვევაში. სამწუხარო ის არის, რომ პასუხს აგებს არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება, არამედ ჩვენ, საზოგადოება, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და შემდეგ ვერ გამოიყენა შანსი, საპრეზიდენტო არჩევნებზე რაღაც ხარისხით მაინც გაეწონასწორებინა ის. ახლა უფრო მწვავედ იგრძნობა, როგორი აუცილებელია, პრეზიდენტის პოსტი პრინციპულ და თანმიმდევრულ პირს ეკავოს”, - მიიჩნევს ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “ხაზარაძის დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობაზეც გკითხავთ. თუ პოლიტიკაში მოვიდა, რას შეცვლის პოლიტიკურ ველზე?” - პასუხობს:


“ჩვენში თითქმის ცხოვრების წესად იქცა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთი ბიზნესის დასაცავად პოლიტიკაში მიდიან. ეს სავალალო ვითარებაა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენები არ იქნებოდნენ იძულებული, ეს ნაბიჯი გადაედგათ. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში იმთავითვე მარცხისთვის განწირული “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოპონენტად “დანიშვნა” წლების წინ მომგებიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ სტრატეგიის გაჭიანურება საბოლოოდ მის შემოქმედს შემოუბრუნდა. უიდეობამ და სახელმწიფოებრივი პროექტების უქონლობამ ის მოიტანა, რომ წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები და პერსონები, რომელთა ნეოფეოდალურ პატრიოტიზმსაც პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ მივყავართ. შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ. პირადად მე 90-იანი წლების შემდეგ ვერც წარმოვიდგენდი, თუ კიდევ ერთხელ შევესწრებოდი სახელმწიფოებრივი ნავის ასეთ დარწევას. “ოცნება-ნაციონალების” ჩიხმა მესამე ძალის იდეა შვა. მაგრამ ხელოვნურად ეს საქმე არასოდეს მომხდარა და შეუძლებელია მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ბატონმა მამუკამ ისიც იცის, თუ როგორ საინფორმაციო ომს გაუმართავენ”.


“დღეს მოქალაქე განსხვავებულ სახელმწიფოებრივ პარადიგმას და განსხვავებულ პოლიტიკურ ლინგვისტიკას ელოდება. მოკლედ, მესამე ძალისათვის სოციალური ბაზა დიდია. ძნელია თქმა, რა ბედი ეწევა ხაზარაძის წამოწყებას, შეძლებს კი უნაყოფო და უსაზრისო მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ბატალიებიდან საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის პოზიტიურ სივრცეზე გადაიტანოს და ამით იქცეს მიზიდულობის ცენტრად? ცხადია, ამაზე პასუხი არა მაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა: დროც შესაბამისია და ადგილიც. "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირებიდან გამოთავისუფლებულ მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს. უარყოფითი ფაქტორებიდან მთავარი, ალბათ, ბანკებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. ხაზარაძის გამოჩენით “ოცნება” კარგავს “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირების კომფორტულ რეჟიმს და “ოცნების” მთელი პროპაგანდისტული მანქანა ახლა მის წინააღმდეგ მიმართავს ძალებს. ალბათ, არც “ნაციონალები” დააკლებენ. ეს უკვე დაიწყო კიდეც. ყველაზე გულუბრყვილო არგუმენტი, რაც მის წინააღმდეგ სოცქსელებში ვნახე, ის არის, რომ ხაზარაძე ევროამერიკული კურსის მომხრეა და ამიტომაც თურმე ფარული “ნაციონალია”. ეს მიმანიშნებელია იმაზე, თურმე რა სოციალური ბაზა იყრიდა თავს ბოლო წლებში “ოცნების” გარშემო”, - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი.


“გულახდილი ვიქნები და მისი მეორე განცხადება უადგილოდაც მომეჩვენა და შინაარსობრივად გაუმართავადაც - ღირსების აღდგენის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს მთელი სპექტრისგან. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ყველა “ღირსების აღმდგენ მევახშეზე” ლაპარაკობდა. მამუკა ხაზარაძეზე არსებობს კითხვები და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კიდევ ერთი რამ, რამაც მას ხელი შეიძლება შეუშალოს - ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევები. ბიზნესმენისათვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს. ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის რაციონალიზმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პოლიტიკოსისთვის სწორედ რისკი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმიწევნით რაციონალური. ივანიშვილსაც გაუჭირდა ბიზნესმენის ჩვევების დათმობა და ამჯობინა სახელმწიფო ბიზნესკორპორაციის ანალოგიით ემართა. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია: ხაზარაძის განაცხადმა სახელისუფლებო წრეები შეაშფოთა და დარწმუნებული ვარ, ახლა მასთან შეთანხმების გზებს ეძებენ”, - დასძენს რესპონდენტი.


კომენტარები:

ფართი შოპი