"გიორგი გახარიამ საკუთარი მოღვაწეობით დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა" - ეს განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენისას გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გუნდს გახარიას კანდიდატურა, მან, თავად შესთავაზა ამ პოსტზე.
„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
რაც შეეხება თავდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას, ის, უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
"ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, მუდმივი წევრები კი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუმცა, როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პრობლემა არ არის“.