მშობლების შვილებთან ურთიერთობის ოთხ ძირითად სტილს გამოყოფენ - ავტორიტეტული, ავტორიტარული, ლიბერალური და ინდიფერენტული - თქვენ რომელი ხართ?

11 Sep 2019 01:15

ოჯახი ბავშვის სოციალიზაციის პირველი ინსტიტუტია. ოჯახის

ფუნქციური დანიშნულება მრავალგვარია: აღმზრდელობითი, ემოციური,

სულიერი ურთიერთობის, პირველადი სოციალური კონტროლის ფუნქციები და

სხვა. პირველ რიგში, ოჯახი უნდა უზრუნველყოფდეს ემოციურ ფუნქციას,

რომელიც ოჯახის წევრებს აღიარების, პატივისცემის, ემოციური მხარდაჭერისა

და ფსიქოლოგიური დაცულობის მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს. ემოციური

სტაბილურობის დარღვევა იწვევს მომატებულ შფოთვას, რეალობის წინაშე

შიშს, უსაფრხოების გრძნობის დაკარგვას და ადამიანებისადმი უნდობლობას.

ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ნაკლებობა კი აძნელებს

სოციალიზაციის პროცესს. იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მოზარდის

სოციალურ მომწიფებას, ერთი მხრივ, მშობლებმა შვილებს უნდა შეუქმნან

თბილი, მოსიყვარულე გარემო, მეორე მხრივ, უნდა შეეგუონ მოზარდის მზარდ

ავტონომიას – ის ხომ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ემზადება. ამ პროცესის

წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მშობლების ქცევის სტილი.

მშობლების შვილებთან ურთიერთობის ოთხ ძირითად სტილს

გამოჰყოფენ _ ავტორიტეტული, ავტორიტარული, ლიბერალური და

ინდიფერენტული.


ავტორიტეტული სტილის მქონე მშობლები აკონტროლებენ შვილების

ცხოვრებას, მაგრამ ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას, აღიარებენ მოზარდის

მზარდ მოთხოვნილებას, იყოს დამოუკიდებელი და ხელს უწყობენ ამ

მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; მათთვის დასაშვებია დადგენილ ნორმებზე

მსჯელობა და წესების შეცვლა გარკვეულ ფარგლებში. ასეთი მშობლების

შვილები გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლობით;

დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და განვითარებული აქვთ

თვითკონტროლი და სოციალური უნარ-ჩვევები.


ავტორიტარული სტილის მქონე მშობლების მკაცრი კონტროლი ცივი

ურთიერთობების ფონზე ხორციელდება; შვილებისაგან მოითხოვენ მათი

მითითებების უსიტყვო შესრულებას; წესები და ნორმები ხისტია და განსჯას არ

ექვემდებარება; შვილებს მხოლოდ მინიმალურ თავისუფლებას აძლევენ. მათი

შვილები გამოირჩევიან შფოთვის მაღალი დონით, ადვილად ემორჩილებიან

ყველა ძლიერს და ძალაუფლების მქონეს; ან პასიურ და უინიციატივო

ადამიანებად ყალიბდებიან, ან, პირიქით, გამომწვევად იქცევიან, ადვილად

ბრაზდებიან, უმართავი და აგრესიულები არიან.


ლიბერალური მშობლები თბილად ექცევიან შვილებს, მაგრამ

ყველაფრის ნებას აძლევენ, მინიმალურად ერევიან მათ ცხოვრებაში და არც

პრობლემების მოგვარებაში ან გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. ასეთ

ოჯახში გაზრდილი მოზარდები, სუსტი თვითკონტროლისა და იმპულსურობის

გამო, ხშირად არღვევენ წესებს და ნორმებს.


ინდიფერენტული მშობლების შვილებთან ურთიერთობის სტილიც

დაბალი კონტროლითა და მომთხოვნელობით ხასიათდება, მაგრამ ამას ერთვის

ცივი დამოკიდებულება შვილების მიმართ. ისინი არ უყენებენ არანაირ

მოთხოვნებს შვილებს იმიტომ, რომ არ სცალიათ მათთვის, საკუთარი

პრობლემებით არიან დაკავებული. მშობლების მხრიდან ასეთი იგნორირება

მოზარდში არასრულფასოვნების გრძნობას იწვევს. ხშირად, ასეთ ოჯახში

გაზრდილი მოზარდები გამოირჩევიან აგრესიულობით.


ნათელია, რომ მხოლოდ ავტორიტეტული მშობლების გულითად
დამოკიდებულებას და ნდობაზე დამყარებულ კონტროლს შეუძლია
უზრუნველყოს მოზარდში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა.
ექსპერიმენტების მოყვარულ მოზარდებს წარუმატებლობის შემთხვევაში
მხოლოდ ასეთ მშობლებთან შეუძლიათ, იმსჯელონ თავიანთ პრობლემებზე,
მიიღონ მხარდაჭერა და აღიდგინონ სულიერი წონასწორობა.



წყარო: http://bemonidrug.org.ge


კომენტარები:

ფართი შოპი