გურულები ამერიკაში - გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია...

13 Jul 2017 18:19

1892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად, შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის Wild West Show - ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი გურულები ჩავიდნენ აშშ-ში. გურულები "რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე (გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა).


ქართველი ცხენოსნების გამოსვლა უაილდ უესთ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და ქაუბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათ გარდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.


ველური დასავლეთის ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: "ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ქართველი მხედრები წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებდნენ ჭენების დროს".


წარმოდგენა იწყებოდა ქართული ნაციონალური ცეკვებითა და სიმღერებით, რასაც მოყვებოდა ჭენება ტრიუკებით, ეს იყო არაჩვეულებრივი წარმოდგენა.


ამერიკული გაზეთები წერდნენ ქართველების განუმეორებელ ჯირითზე: "ისინი უნაგირზე ხელებზე და ფეხებზე დამდგარი აჭენებდნენ ცხენებს".


ნაირფეროვანი კოსტუმები და მორთულობა შოუს განუყოფელი ნაწილი იყო.


"კაზაკი" ცხენოსნების შესახებ ინფორმაციამ მალე სამეფო ოჯახის ყურამდეც მიაღწია. 1892 წლის 25 ივნისს, ქართველები ივანე მახარაძის თაოსნობით, წარდგნენ დედოფლის, სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე. წარმოდგენით აღფრთოვანებულმა დედოფალმა ვიქტორიამ მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ, სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო მოთავსებული. (ალბომი ინახებოდა ივანე მახარაძის სახლში გურიაში და განადგურდა ხანძრის დროს).


პირველმა მსოფლიო ომმა და ბოლშევიკებმა ხელი შეუშალეს ქართველების მოგზაურობას საზღვარგარეთ. მათი უმეტესობა ომის დამთავრებამდე დარჩა შეერთებულ შტატებში, უმეტესად ჩიკაგოში და აგრძელებდნენ გამოსვლებს სხვადასხვა ცირკში ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ ომის დამთავრების შემდეგ, ზოგმა კი შექმნა ტიპიური ამერიკული ოჯახი და დაკარგა კავშირი სამშობლოსთან.


ცუდი დღე ელოდათ იმათ ვინც სამშობლოში დაბრუნდა, ბოლშევიკებმა ისინი ამერიკელ ჯაშუშებათ მონათლა და დააპატიმრა. ბევრმა ცხენოსანმა გაანადგურა ფოტოები და მათი საზღვარგარეთ ყოფნის ყველანაირი სამხილი, რათა თავი აერიდებინათ ახალი რეჟიმის რკინის ხელებისთვის. იყო შემთხვევები როდესაც მათ ხელს აწერინებდნენ დოკუმენტს, სადაც ნახსენები იყო, რომ ისინი არასოდეს ახსენებდნენ ამერიკასა და ევროპას…



http://www.georgians.ge



კომენტარები:

ფართი შოპი