დავით კლდიაშვილის შვილიშვილის ემოციური ამბავი უზბეკეთში - რა ისტორია უამბო ზურაბ აბდუშელიშვილმა უზბეკეთში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს

13 Sep 2019 23:33

„საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობა მრავალ ათწლეულს ითვლის. ჩვენ ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტები გვაკავშირებს და ჩვენს შორის ძალიან ბევრი რამ არის საერთო“- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბდუშელიშვილმა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ ტაშკენტში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე.


ელჩმა, დამსწრე საზოგადოებას, ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, დავით კლდიაშვილის, შვილიშვილის ისტორია უამბო:


„1943 წელს, ცნობილი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის შვილიშვილი ცენტრალურ აზიაში გადმოასახლეს. როდესაც ტყვეებით სავსე მატარებელი ქალაქ ტაშკენტის რკინიგზის სადგურში გაჩერდა, იქვე იმყოფებოდა ქალაქ ტაშკენტის კომისარი გენერალი ისლამოვი, რომელსაც შეუყვარდა ნინო კლდიაშვილი და ცოლად შეირთო. ამის შემდგომ, საბჭოთა ხელისუფლებამ, ისლამოვი, რომელმაც გადასახლებაში მყოფი ქალბატონი შეირთო ცოლად, დახვრიტა, ნინო კლდიაშვილი, კი სტეპებში გადაასახლეს. 1956 წელს, ნინო კლდიაშვილი საქართველოში დაბრუნდა თავის ვაჟთან, თემურთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ფარიკაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. ჩვენ ქვეყნებს შორის ბევრი რამ არის საერთო“- განაცხადა ელჩმა.


მისივე ინფორმაციით საელჩო გეგმავს საქართველოში გადაასვენოს ტაჯიკეთში დაკრძალული საქართველოს პირველი რესპუბლიკის სათათბიროს ვიცე-სპიკერი, რომელიც ასევე გამოექცა საბჭოთა იმპერიას და უზბეკეთში გარდაიცვალა.


საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ყურადღება გაამახვილა ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობებზე, მათ შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, ასევე ისაუბრა ტურიზმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების მნიშვნელობაზე.


ცნობისთვის: ქალაქ ტაშკენტში, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ანსამბლი "შვიდკაცა", დათო გომართელი. ეროვნული ჰიმნები შეასრულა უზბეკეთის ნაციონალურმა ორკესტრმა.


კომენტარები:

ფართი შოპი