საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74- ე სესიაზე კლიმატის ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი, კლიმატის ცვლილებების მიმართ, მოქნილი საქართველოს აშენება და კლიმატით გამოწვეული დანაკარგების შემცირებაა.
“დღესდღეისობით საქართველო ფაუნისა და ფლორის ბიომრავალფეროვნების უნიკალურ რეზერვუარს წარმოადგენს, სადაც დიდი რაოდენობით ენდემური სახეობებია თავმოყრილი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ბიომრავალფეროვნება ჩვენი პლანეტის მომავლისთვის უნდა იქნეს შენარჩუნებული.. საქართველო კლიმატის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმყოფება. ჩვენ ვნერგავთ კლიმატის მიმართ მეგობრულ სტიმულებს ენერგეტიკის სფეროში, ასევე, მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკასა და ენერგო ეფექტურ ინიციატივებს. ამ მხრივ პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამინდს, მაგრამ სტიქიური უბედურებები სრულებითაც არ არის გარდაუვალი. უფრო მეტიც, ადგილობრივი თემების დახმარებით მათ მიერ სტიქიური მოვლენების რისკების გააზრებასა და შემცირებაში საქართველო მოქნილობის ფუნქციას აძლიერებს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და თვითმმართველობისათვის“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.