
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა „მაესტროს“ეთერში "წყალტუბოს განვითარების პროექტზე" ისაუბრა. როგორც დეპუტატმა სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა, „რეალურად დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ წყალტუბოს მასშტაბურ განვითარებაზე, სამკურნალო ტურიზმზე, რომელიც ევროპაში თანამედროვე კურორტებს გაუწევს კონკურენციას.“
„წყალტუბოს აღორძინების პროექტს მე ვუწოდე უპრეცედენტო - წყალტუბოს ისტორიაში, რადგან, ჩვენ ბოლო 30 წლის მანძილზე ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკა არ გვქონია. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით კი შეიქმნა შესაძლებლობა, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტულ რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიდეს.“- აღნიშნა პირდაპირ ეთერში ცოტნე ზურაბიანმა.
დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„პროექტი ორიენტირებულია, როგორც სანატორიუმების, ასევე სხვა ინფრასტრუქტურების მოწყობაზე, რაც შექმნის მიზიდულობის ცენტრს, არამარტო დასავლეთ საქართველოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის."- აღნიშნავს ცოტნე ზურაბიანი.
როგორც ზურაბიანი განმარტავს, წყალტუბოში დღემდე არ არსებობდა ერთიანი მასშტაბური სტრატეგიული განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომელიც დაარწმუნებდა ინვესტორებს იმაში, რომ წყალტუბოში ჩადებული თანხა მოგებას მოუტანდა მათ.
„შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება არის ქველმოქმედება, რადგან მის მიერ წარმოდგენილი პროექტი კი, უკვე სტაბილურობის განცდას ქმნის. მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო აბასთუმანის აღორძინება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდი დაინტერესდა კურორტით. შევიდნენ კონკრეტული წინადადებებით და დღეს მონაწილეობენ აბასთუმნის განვითარებაში. ანალოგიურს ველით წყალტუბოშიც."-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
წყალტუბოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ „წყალტუბოს განვითარების პროექტით" მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, ხოლო ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ, ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაფინანსებულ წარმატებულ პროექტს შეახსენებს.
„მანამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, პრომეთეს მღვიმის პროექტი დააფინანსა. დღეს, ეს პროექტი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პირველი დაცული ტერიტორიაა ტურისტების რაოდენობით“, - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.
პირდაპირი ჩართვა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე, 07:20 საათიდან:
ცოტენე ზურაბიანის ჩართვა "მაესტროს" ეთერში