ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

16 Jul 2017 00:30

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ არის ცნობილი. სამი წლის განმავლობაში პროკურატურას საქმისთვის ჯერჯერობით არც კვალიფიკაცია შეუცვლია. გამომძიებლებმა ვერც ის დაადგინეს, თუ ვის ეკუთვნის იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალი. უცნობია სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული 2 პირის ვინაობაც.


პროკურატურამ ვერც ის დაასაბუთა, თუ რატომ დაიქოქა ავტომობილი და სად არის ის ერთი ტყვია, რომელიც დაკარგულად ითვლება. ოჯახს კითხვები მანქანაში სისხლის კვალთან დაკავშირებითაც აქვს.


2014 წლის 15 ივლისს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე „დ“ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღიც”.


თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ საკუთარ განცხადებაში შესწორება შესწორება შეიტანა. ტექსტში ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, იარაღი, რომლიდანაც გასროლა მოხდა ეროსი კიწმარიშვილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. “შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს – 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა,”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დე ენ ემ-ით უშედეგო ძებნის პარალელურად კიწმარიშვილები 9 თვის განმავლობაში ითხოვდნენ შემთხვევის დღეს კიწმარიშვილის სახლთან ახლოს მყოფი ადამიანების გარკვევას მობილური ტელეფონების დახმარებით. ამისათვის გამოძიებას სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის უნდა მიემართა და შესაბამისი ანძიდან სიები უნდა ყოფილიყო ამოღებული.


ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს და მკვლელობაზე საუბრობს. ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი ეროსი კიწმარიშვილთან ბოლო სატელეფონო კონტაქტის გახსენებისას წერდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალების წინა დღეს ესაუბრა. ხატიაშვილი იხსენებდა რომ კიწმარიშვილი არც უხასიათოდ იყო და არც დათრგუნული.


http://cyc.ge


კომენტარები:

ფართი შოპი