„ბიძინა, შენ უნდა წახვიდე!“ - შოთა დიღმელაშვილი

25 Nov 2019 23:44

ერთ მხარეს დგას ცივილიზებული სამყარო, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა, დიპლომატიური კორპუსი. მეორე მხარეს - ერთი მმართველი ძალა, ძალაც არა, ერთი ადამიანი და მისი ყმები. ის არის მოსული არა ხმათა, არამედ ყმათა უმრავლესობით, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, აქციის მონაწილეების ძალა არა სიმრავლეში, არამედ, მრავალფეროვნებაშია.


„ვაჩვენებთ ბიძინას, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ სიმრავლეში კი არ არის, ჩვენი ძალა მრავალფეროვნებაშია. იმაში, რომ ყველას შეუძლია გადადოს გვერდზე ის, რაც განგვასხვავებს, ჩაეჭიდოს იმას, რაც საერთო გვაქვს - ქვეყნის განვითარების სურვილს, გამოვიდეს და დადგეს აქ. ძალა გარდა იმისა, რომ ერთობაშია, ურთიერთობაშიც არის და მცდელობაში, რომ ვიპოვოთ კონსენსუსი. კონსენსუსის პოვნა სულაც არ არის ძნელი. აქეთ დგას ცივილიზებული სამყარო, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა, დიპლომატიური კორპუსები, მეორე მხარეს, ერთი მმართველი ძალა, ძალაც არა, ერთი ადამიანი და მისი ყმები. ის არის მოსული არა ხმათა, არამედ ყმათა უმრავლესობით. აქ კი დგანან ადამიანები, რომლებისთვისაც დიდი ხანია დასრულდა ბატონყმობა. არ მოსწონთ ეს ფეოდალური მოდელი. ისინი გამოვიდნენ, რომ ერთმანეთს შეუერთონ ხმები და უთხრან ბიძინას, რომ „ბიძინა, შენ უნდა წახვიდე!“ შენ წახვალ არა ისე, როგორც შენ გინდა, შენ წახვალ საარჩევნო ბიულეტენის გავლით. ეს არის ჩვენი სურვილი, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. პროპორციული არჩევნები თუ არ ჩატარდა, ჩვენ ამოვალთ შენს ბიზნესცენტრთან და თუ აქედან არ გესმის ხმა, მანდ გაგაგონებთ. ჩვენ ყველა შანსი მოგეცით და ჭკუას მოუხმეთ“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი