BBC: „პენსის ვიზიტი: საქართველო აშშ-ს ორბიტაზე ბრუნდება“

31 Jul 2017 23:28

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შესახებ BBC სტატიას - „პენსის ვიზიტი: საქართველო აშშ-ს ორბიტაზე ბრუნდება“ აქვეყნებს. ვიცეპრეზიდენტი ტალინს, თბილისსა და პოდგორიცას ეწვევა, რომლებსაც განსაკუთრებით აწუხებთ რუსული საფრთხე. პენსი ამ ქვეყნებში ჩადის, რადა აშშ-ს მხარდაჭერა დაადასტუროს.


როგორც სტატიაში წერია, პენსის ვიზიტი საქართველოში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ ქვეყანაში. ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ ახალ მოკავშირეებს კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობს.  


პენსის ევროპული ტურნე კვირას დაიწყო. ამავე დღეს საქართველოში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მულტი ნაციონალური სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი რვა სახელმწიფო მონაწილეობს.


„პენსის ვიზიტი სიმბოლურ ხასიათს ატარებს, და აჩვენებს, რომ აშშ მეტ ყურადღებას დაუთმობს ახალ მოკავშირეებს“, - აცხადებს BBC-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია უბრუნდება იმ კურსს, რომელიც თავის დროზე ჯორჯ ბუშმა დაიწყო.


როგორც BBC-ის სტატიაში წერია, ტრამპის არჩევის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შიშობდა, რომ აშშ-ს სურვილი დაელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან, საქართველოს სავაჭრო საგნად აქცევდა. როგორც ჩანს, ასე არ მოხდა. ამას BBC-სთან საუბარში ადასტურებს კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი.


„საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს ჩვენს კონგრესში და თავად ადმინისტრაციაში. ეს ურთიერთობები გრძელდება და ვერ ვხედავ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ჰორიზონტზე არ ჩანს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორება“, - აცხადებს სტრონსკი.


კომენტარები:

ფართი შოპი