ცოტნე ზურაბიანი - „TANAP და TAP - ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის რუსეთისაგან ენერგოდამოუკიდებლობაში”

01 Dec 2019 19:03

„TANAP-ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის, უკვე რეალობაა!”- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი, თურქეთში TANAP - ის პროექტი გახსნას.


უკვე დამთავრდა პროექტის ძირითადი ნაწილი და გაზსადენი მზად არის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპას მიაწოდოს საქართველოსა და თურქეთის გავლით.


TANAP და TAP - ეს პროექტები გაზრდიან ჩვენი ქვეყნების შემოსავალს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის რუსეთისაგან ენერგოდამოუკიდებლობაში.


TANAP-ყველაზე გრძელი გაზსადენია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაშიც და მისი წარმატებით რეალიზება ჩვენი რეგიონის შესაძლებლობების კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სამეზობლო პოლიტიკას, სტაბილურობას და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების საქმეში”, -აღნიშნავს ზურაბიანი. 


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP - ის პროექტი გახსნა.


ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.


ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.


დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.


კომენტარები:

ფართი შოპი