"ამ სისტემის მსხვერპლია 15 წლის ლუკა სირაძე და მრავალი ბოროტების გამწვევი იქნება" - რომან გოცირიძე

19 Dec 2019 03:59

15 წლის ლუკა სირაძე სისტემის მორიგი მსხვერპლია, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და უნდა გადადგეს. რომან გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელმაც წლების განმავლობაში პოლიტიკური ინტერესების გამო არ გამოიძია ბევრი გახმაურებული საქმე, დამნაშავეა, ამიტომ შს მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ არასწორია, სკოლის დადანაშაულება იმაში, რომ პოლიციას მიმართეს.


„ხელისუფლებას სურს ეს სკოლას გადააბრალოს, მიმართავენ განათლების, ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ და გაუმართავად მუშაობენ, არის მცდელობა, რომ იმ ერთ გამომძიებელს გადაბრალდეს ყველაფერი, - ამ ყველაფრის მთავარი მიზანია გადაეფარონ შს მინისტრს და ამით თავიდან აიცილონ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც პირდაპირ ეკისრება საქართველოს მთავრობას და ამ შემთხვევაში შს მინისტრს ამ ბოროტი სისტემის შენარჩუნებისთვის, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო დანამატს, სწორედ ამიტომ სისტემის რეფორმირება არავის სურს. ამ სისტემის მსხვერპლია 15 წლის ლუკა სირაძე და მრავალი ბოროტების გამწვევი იქნება კიდევ, თუ ეს სისტემა დარჩება. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და მის არაფორმალურ მმართველს, რომელმაც სუს-ი და შსს მის პირად მომსახურე ელემენტად აქცია. სწორედ სისტემური ხარვეზები და დაუსჯელობის სინდრომი წარმოშობს იმ დანაშაულებს, რომელიც საქართველოში ხდება, გვაქვს მრავალი გაუხსნელი საქმე მუხთარლის, მაჩალიკაშვილის და სხვები, რომელიც ხელისუფლების ინტერესების გამო არ იქნა გამოძიებული სწორად. ეს არის წყარო იმ დანაშაულის, რაც ქვეყანაში მოხდა, ამიტომ სწორია ახალგაზრდების ლოზუნგი, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველამ აგოს პასუხი, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პოლიტიკურად, რაც გადადგომას გულისხმობს, ხოლო კონკრეტულმა დამნაშავეებმა იმის მიხედვით, რაც გათვალისწინებულია კანონში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი