"ძალიან რთულია ილაპარაკო მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის დაკარგვაზე, როცა შენს ქვეყანაში ეს არ არის ერთადერთი ფაქტი" - გია ვოლსკი

19 Dec 2019 14:18

სანამ ასეთ ფაქტებზე პოლიტიკური სვავების პარპაში იქნება, ამ საკითხს არაფერი არ ეშველება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას.


მისივე თქმით, აუცილებელია, გაირკვეს ვინ დაუშვა ის ფაქტი, რომ 2011 წლის „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმის ერთ-ერთი სამართალდამცველი დღემდე სისტემაში რჩებოდა.


ვოლსკის განცხადებით, რთულია არასრულწოვნის სიცოცხლის დაკარგვაზე საუბარი და ამასთან, განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ საქართველოში ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.


„ძალადობრივი სისტემა, მათ შორის პატარა ბავშვებისადმი, დიდი ხანია დაინგრა. ამაზე აშენდა ძალიან ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუკი ამ ყველაფერს არ ექნება რეალიზების მექანიზმი ყველა სტრუქტურაში, დაწყებული ერთი პოლიციელით და დასრულებული მინისტრებით, და სანამ ასეთ ფაქტებზე პოლიტიკური სვავების პარპაში იქნება, ამ საკითხს არაფერი არ ეშველება. 177 მცირეწლოვანი ბრალდებული ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს 2011 წელს. ეს რიცხვი 40 - მდე შემცირდა, დაკავებულთა რაოდენობა მინიმალურია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გაერთიანდეს ყველა კეთილი ნების ადამიანი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური სპეკულაციის ეს ინტენსივობა. კონკრეტულ პოლიციელთან დაკავშირებით, რასაკვირველია კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა ის, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულის ხარისხზე ლაპარაკი ნაადრევია. ძალიან რთულია ილაპარაკო მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის დაკარგვაზე და განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ შენს ქვეყანაში ეს არ არის ერთადერთი ფაქტი. სიღრმისეულად არის შესასწავლი სკოლამ რა როლი ითამაშა. გადაუხდელობის გამო ამ ბავშვს მოუხდა წასვლა, მამა ახალი დაღუპული ჰყავდა. იქნებ მეტი ყურადღება იყო საჭირო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან? პოლიციელი იქნება, მასწავლებელი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე, ვინც ამაში ჩარეული იყო, გამოკვლეული უნდა იყოს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.


კომენტარები:

ფართი შოპი