„ყველანი შეგვძრა და დაგვამწუხრა ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავმა" - ზაზა გაბუნია

19 Dec 2019 14:27

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც გაბუნიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს თემა მთავარ საყურადღებო საკითხად უნდა იქცეს და საქმეზე სათანადო კონცენტრაცია უნდა მოხდეს.


„ყველანი შეგვძრა და დაგვამწუხრა ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავმა. მინდა მის ოჯახს და განსაკუთრებით კი ლუკას დედას მივუსამძიმრო და სიმტკიცე ვუსურვო. საქართველოს პარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება საგამოძიებო პროცესს, რადგან კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ყველა ჩვენგანისთვის ეს თემა უნდა იქცეს მთავარ საყურადღებო საკითხად და უნდა მოვახდინოთ სათანადო კონცენტრაცია ამ საქმეზე, რათა დადგინდეს მიზეზები და მოხდეს ზედმიწევნით სრულფასოვანი სამართლებრივი რეაგირება.


ჩვენ ახლა ვხედავთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის აქტიურ საგამოძიებო სამუშაოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ვიმედოვნებ, რომ სრული ობიექტურობით და ეფექტიანობით მიიყვანს გამოძიებას ეს ინსტიტუტი ბოლომდე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ყოვლად ამაზრზენია ამ ტრაგედიის პოლიტიკური ამოცანებისთვის ყოველგვარი - პირდაპირი თუ ირიბი ფორმით გამოყენება და ამით ვაჭრობა.


მჯერა, რომ ასეთი ტრაგედიები ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას უნდა გვაერთიანებდეს და არა პირიქით, გვყოფდეს, უნდა გვაერთიანებდეს იმისთვის, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვერიოთ პრობლემას, რამაც ეს სამწუხარო და სავალალო შედეგი მოიტანა”, - განაცხადა გაბუნიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი