შავი ქვრივი: ქალები რომლებთან ქორწინებასაც მხოლოდ სიკვდილი მოჰქონდა

22 Dec 2019 04:06

შავი ქვრივი - ობობების სახეობა, რომელთა მდედრები შეჯვარების შემდეგ მამრებს ჭამენ. საზოგადოებამ „შავი ქვრივები“ უწოდა ქალებს, რომელთა ქმრები რაღაც მიზეზის გამო დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. ხანდახან ეს ტრაგიკული შემთხვევების ჯაჭვი იყო, მაგრამ არა ყოველთვის.


ვერა რენცი

ვერა 1903 წელს მდიდარ, წარმოშობით უნგრულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ამ ახალგაზრდა ქალბატონის ხასიათზე, ვერც ფულმა და ვერც კარგმა წარმომავლობამ ვერავითარი კვალი ვერ დატოვა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვერა სრულიად უმართავი ბავშვი იყო და 15 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად სახლიდან გაიქცა. ვერა მამაკაცებთან მეგობრობას არჩევდა, თანაც მასზე ბევრად უფროსებს ირჩევდა. ცოლადაც ასაკოვან კაცს გაჰყვა.


ის მდიდარი ბიზნესმენი გახლდათ ბუქარესტიდან. ვერამ მას ვაჟი, ლორენსო გაუჩინა. ბავშვის გაჩენიდან მალევე ვერა ეჭვმა შეიპყრო, რომ ქმარი ღალატობდა და შურისძიება გადაწყვიტა. მან ქმარს ღვინოში დარიშხანი ჩაუყარა. მისი გვამის მოშორების შემდეგ, ვერამ ახლობლებს შეატყობინა, რომ ქმარმა ის და მისი შვილი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. ერთი წლის შემდეგ გამოაცხადა, რომ მისი მოღალატე ქმრის ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი გაიგო. მალე ის მეორედ გათხოვდა.


ვერას მეორე მეუღლე, მისი თანატოლი იყო, თუმცა არც ეს ქორწინება შედგა: ვერას ეჭვიანობას ქმარი ჭკუიდან გადაჰყავდა, რის გამოც მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ. შავი ქვრივის მეორე მეუღლეც მალევე გაქრა - ვერას თქმით, ის მანაც სხვაში გაცვალა. ერთი წლის შიმდეგ კი თითქოს მამაკაცისგან წერილი მიიღო, სადაც წერდა, რომ სამუდამოდ შორდებოდა და სახლში აღარ დაბრუნდებოდა. სინამდვილეში „მოღალატე ქმრის“ გვამი უკვე ერთი წელია ღვინის სარდაფის საფლავში ესვენა.


ამის შემდეგ ვერა აღარ გათხოვილა, მაგრამ სხვადასხვა მამაკაცებთან ურთიერთობას აგრძელებდა, მათ შორის ცოლიანებთან. ყველა მისი საყვარელი უგზოუკვლოდ იკარგებოდა - ზოგი ურთიერთობიდან ერთი წლის შემდეგ, ზოგი კი პირველივე დღეებში. მიჩნეულია, რომ მკვლელობების სერია ვერას ერთ-ერთი საყვარლის მოტყუებულმა ცოლმა შეაჩერა: ქალმა მოღალატე ქმრის თვალთვალი გადაწყვიტა და გაიგო, თუ ვისთან დადიოდა მამაკაცი. მისი დაკარგვის შემდეკ კი ქალმა პოლიცია გამოიძახა. რენცის სახლი გაჩხრიკეს, რომლის სარდაფშიც 32 რკინის კუბო აღმოაჩინეს, რომლებშიც სხვადასხვა დონის გახრწნილი სხეულები ესვენა. ვერამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანი დარიშხანით მოწამლა, რადგან მისი ერთგულები არ იყვნენ. ასევე განმარტა, რომ სარდაფში „ყოფილ თაყვანისმცემლებთან“ ერთად დროის გატარება მოსწონდა. ქალმა ორივე ქმრის მკვლელობაც აღიარა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვერასთან სტუმრად მისულმა ვაჟმა, სარდაფში შემთხვევით აღმოაჩინა გვამები, მაშინ კი ვერამ ისიც მოწამლა.


ბელ სორენსენ განესი

ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ბელ სორენსენ განესმა იმ ქვეყნად 20-დან 40-მდე ადამიანი გაისტუმრა, მათ შორის არიან საკუთარი ქალიშვილები - მირტლი და ლუსი, ასევე, შესაძლოა, ორივე ქმარი და სხვა დანარჩენი შვილებიც.


ბელ განესი ნორვეგიაში დაიბადა. ის 8 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ დიდი და ძლიერი გოგო გაიზარდა: თვითმხილველების თქმით, მისი სიმაღლე 183 სმ, წონა კი 90 კგ იყო. ის ძალიან ძლიერი იყო. გოგონა ფერმაში მუშაობდა და 3 წლის მანძილზე აშშ-ს ბილეთის შესაძენად საკმარისი ფული დააგროვა, სადაც მისი ერთ-ერთი და გაემგზავრა. ოკეანის მიღმა მან სახელი შეიცვალა და მოსამსახურედ მოეწყო.


1884 წელს ბელი ცოლად გაჰყვა ჩიკაგოელ მედს სორენსენს. აქვე მათ საკუთარი საკონდიტრო მაღაზია გახსნეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაიწვა. მეუღლეებმა დაზღვევა მიიღეს და ამ ფულით სახლი შეიძინეს.


კვლევების თანახმად, ბელსა და მედსს ოთხი შვილი ჰყავდათ: კეროლაინი, აკსელი, მირტლი და ლუსი. კეროლაინი და აკსელი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში კოლიტით გარდაიცვალნენ, რომლის სიმპტომები მოწამვლის სიმპტომებისგან არაფრით განსხვავდება: დიარეა, ღებინება, სპაზმები. ბავშვები დაზღვეულები იყვნენ და მათი გარდაცვალების შემდედ სადაზღვევო კომპანია მშობლებს თანხას უხდიდა. მოგვიანებით ბელმა ქმარიც მოწამლა. მიღებული თანხა მას ფერმის საყიდლად ჰყოფნიდა.


სწორედ ამ ფერმაში იწვევდა ბელი მამაკაცებს, გაზეთში საქორწინო განცხადებების გამოქვეყნებით. მდიდარ ქვრივთან ერთად ბედნიერების გაზიარების უამრავი მსურველი გამოჩნდა, მაგრამ ბელის ქმარი ვერც ერთი ვერ გახდა და ვერც დაწყევლილი ფერმიდან გააღწია ვინმემ. უცნობია, თუ რა ბედი ეწიათ ბელის დანარჩენ შვილებს.


მეტიც, გაურკვეველია, როგორ გარდაიცვალა თავად მკვლელი: ერთხანს ის უბრალოდ გაქრა. მისი გაქრობიდან მალევე პოლიციამ ფერმასთან ახლოს ბელის უთავო და ნახევრად დამწვარი გვამი აღმოაჩინა. ეკუთვნის, თუ არა სხეულის ეს ნაწილები დამნაშავეს დღემდე დაუდგენელია, ამიტომ, შავმა ქვრივმა, შესაძლოა, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო, რათა სასჯელი თავიდან აეცილებინა.


მერი ენ კოტონი

ამბობენ, რომ ჯალათი, რომელმაც მერი ენ კოტონი დასაჯა, მარყუჟის არასწორად შეკვრით მსხვერპლის ტანჯვა სპეციალურად გაახანგრძლივა. თუ ეს სიმართლეა - მიზეზი არსებობდა: მერი ენ კოტონმა 20-მდე ადამიანი დარიშხანით მოწამლა, მათ შორის 10 საკუთარი შვილი, 4 ქმარი და საყვარელი.


მერი ენს მძიმე ბავშვობა ჰქონდა: მამამისი ძალიან რელიგიური იყო და შვილებს ხშირად სჯიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მერი ენის ოჯახი, რომელიც დედისა და ძმისგან შედგებოდა, უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა. ვიქტორიანულ ინგლისში ეს ნიშნავდა იმას, რომ ოჯახს უწევდა „შრომით სახლებში“ წასვლა და დაშორება, მაგრამ გოგონას დედა მეორედ გათხოვდა. ოჯახს შიმშილი და განშორება აღარ ემუქრებოდა, თუმცა მერი ენს მამინაცვალთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა: მათ ერთმანეთი სძულდათ და გოგონა მამინაცვლის სახლიდან წასვლის მიზეზს ეძებდა. 16 წლის მერი ენმა ფერმაში მუშაობა დაიწყო. მის მუშაობასთან მეპატრონეებს პრეტენზია არ ჰქონდათ, მაგრამ მაშინვე გავრცელდა ხმები მისი სექსუალური თავგადასავლების შესახებ. მეტიც, მერი ენი მალევე გაჰყვა ცოლად მაღაროელ უილიამ მოუბრეის და წავიდა. ამ ქორწინებაში მას 5 შვილი შეეძინა, მაგრამ 4 ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მალე მისი ქმარიც დაიღუპა: მან სამსახურში ტრავმა მიიღო და სამკურნალოდ სახლში დაბრუნდა, მაგრამ აქ ნაწლავის გაღიზიანება დაემართა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. დაზღვევის თანხით მერი ენმა ახალი კაბა შეიძინა. მისი ერთადერთი გადარჩენილი ქალიშვილი ბებიასთან გაგზავნა, თავად კი სამსახური იპოვა საავადმყოფოში, პასუხისმგებელი გახდა დარიშხანის შენახვაზე.


საავადმყოფოში მერი ენმა პაციენტთან რომანი გააბა. ის ინჟინერი, სახელად ჯორჯ ვარდი გახლდათ. მისი გამოწერიდან მალევე წყვილმა იქორწინა, მაგრამ მერი ენი იზაბელის ახალ სახლში დაბრუნებას არ ჩქარობდა, თანაც ახლადგამომცხვარი ქმარი კვლავ ავად გახდა. ექიმმა, რომელიც ჯორჯის მკურნალობას აკვირდებოდა, საავადმყოფო არასწორ მკურნალობაში დაადანაშაულა, მერი ენი კი აქტიურად უჭერდა მხარს ამ მოსაზრებას. ჯორჯ ვარდი მალე გარდაიცვალა, მერი ენი კი გადავიდა.


მერი ენის შემდეგი ქმარი, ჯეიმს რობინსონი დიასახლისს ეძებდა, რომელიც ცოლის გარდაცვალების შემდეგ სახლსა და მის შვილებზე იზრუნებდა. მერი ენმა გასაუბრება მარტივად გაიარა და სამსახურში აიყვანეს. ზუსტად ერთ თვეში, საშობაოდ, რობინსონის ერთ-ერთი შვილი ნაწლავის დაავადებით გარდაიცვალა. მერი ენმა უბედური მამის დამშვიდება სცადა და მალე მისგან დაფეხმძიმდა. ამ დროს მძიმედ ავად გახდა დედამისი, მერი ენი კი მის მოსავლელად და იზაბელის დასაბრუნებლად გაეშურა. ქალიშვილის ჩასვლისთვის მერი ენის დედა უკვე გამოჯანმრთელების პირას იყო, მაგრამ მოულოდნელად მდგომარეობა გაუარესდა, ისიც ნაწლავური აშლილობით გარდაიცვალა. იზაბელს დედასთან ერთად რობინსონის სახლში გამგზავრება მოუხდა, სადაც მალე ჯეიმსის სამ შვილთან ერთად ავად გახდა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. გადარჩა მხოლოდ მერი ენისა და ჯეიმს რობინსონის ახალშობილი ქალიშვილი.

თავად ჯეიმსი კი სიკვდილს საკუთარმა სიძუნწემ გადაარჩინა: გაიგო, რომ მერი ენი მისი გაფრთხილების გარეშე იდებდა ვალებს, რის გამოც გაცხარებულმა რობინსონმა ცოლი სახლიდან გააგდო. ის პატარა ქალიშვილთან ერთად წავიდა, რომელიც შემდეგ ნაცნობს დაუტოვა. ბავშვი მამას დაუბრუნეს.


თავად მერი ენმა მალევე გაიცნო კიდევ ერთი ქვრივი, ფრედერიკ კოტონი და მისგან მალევე დაფეხმძიმდა. ფრედერიკმა მას ცოლობა სთხოვა, რაზეც მერი ენი დათანხმდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ რობინსონის ცოლი იყო. ერთი წლის შემდეგ ფრედერიკიც ნაწლავის დაავადებით გარდაიცვალა, მერი ენი კი მისი სახლის მფლობელი და მისი ორი ვაჟის მეურვე გახდა. ამ სახლში მან საყვარელი მიიყვანა, მაგრამ დიდხანს ცხოვრება ვერც მასთან შეძლო: ძალიან ახლოს მდიდარი და ასაკოვანი მოხელე გამოჩნდა, რომელსაც მომვლელი სჭირდებოდა. მერი ენმა თავის ჩვევას არ უღალატა და მოხუცისგან დაფეხმძიმდა, მაგრამ კოტონის შვილები ამ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ. მან სასწრაფოდ მოწამლა კოტონის ორი შვილი (მათგან ერთი მისი იყო), ასევე მისი საყვარელი. ცოცხალი დარჩა მხოლოდ 7 წლის ჩარლზ კოტონი.


მის დაუსჯელობაში დარწმუნებულმა მერი ენმა შხამისთვის მომავალი მსხვერპლი გაგზავნა, მაგრამ ჩარლზს დარიშხანი არ მისცეს. მაშინ მან საწამლავი მეზობელს სთხოვა, რომელსაც მისთვის უარი არ უთქვამს. ჩარლს კოტონი მალე გარდაიცვალა. ექიმები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ გასინჯეს ბავშვი და ავადმყოფობის ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოუჩინეს, გაოცებულები იყვნენ. გარდა ამისა, მერი ენის მეზობლები შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ ბავშვის სიკვდილის შემდეგ ის არა მორგში, არამედ სადაზღვევო კომპანიაში, ფულის მისაღებად წავიდა. ადგილობრივი გაზეთები ამ ისტორიით დაინტერესდნენ და მერი ენი გასაქცევად მოემზადა, მაგრამ ვერ მოასწრო: ექიმმა, რომელმაც ჩარლზ კოტონის ქსოვილი შეინახა, ექსპერტიზა ჩაატარა და მასში დარიშხანი აღმოაჩინა. პოლიციამ მერი ენი დააპატიმრა, მისი მსხვერპლების გვამების ექსკუმაცია მოხდა და შეგროვდა მტკიცებულებები.


მერი ენ კოტონს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 1873 წლის 24 მარტს არასწორად გაკეთებული მარყუჟის გამო ის 3 წუთის განმავლობაში კვდებოდა.


ლიდია შერმანი

ლიდია შერმანმა იგივე ბორჯიამ კონეკტიკუტიდან ქმართან ერთად სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში 18 წელი იცხოვრა და მხოლოდ მას შემდეგ მოწამლა.


16 წლის ასაკში ლიდიამ ქვრივი, ედვარდ სტრაკი გაიცნო და ცოლად თითქმის მაშინვე გაჰყვა: გოგონა მშობლების გარეშე იზრდებოდა და ოჯახზე ოცნებობდა. სტრაკი პოლიციელი იყო და 18 წლიანი უზადო მსახურების შემდეგ ის შეამცირეს. მამაკაცი დეპრესიაში ჩავარდა, რითიც ძალიან აღიზიანებდა ახალგაზრდა ცოლს. ლიდიამ პრობლემა მისი დარიშხანით მოწამვლით გადაჭრა. ხოლო, როცა გააცნობიერა, რომ მშვილების გაზრდას მარტო ვერ შეძლებდა, ლიდიამ მათგან განთავისუფლება გადაწყვიტა. 6 წლის მარტა ენი, 4 წლის ედვარდი და პატარა უილიამი მან ერთ დღეს მოწამლა. მოზარდები ჯორჯი და ენ ელიზა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ - ასე კვალის დაფარვა უფრო ადვილი იყო. ამ მოვლენების შემდეგ ყველაზე უფროსი ქალიშვილი საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა. ლიდიამ კი მდიდარ ფერმერთან, დენის ჰარლბორტთან დაიწყო მუშაობა და მალე მისი ცოლი გახდა.


დენისი მალე გარდაიცვალა და მის ქვრივს საკმაოდ სოლიდური თანხა დაუტოვა. უცნობია, რაში დასჭირდა ლიდიას სამსახური კვლავ ეპოვნა, ალბათ, ახალი ქორწინებისთვის. ასეც მოხდა: ლიდია ჰორაციო შერმანთან ძიძად მოეწყო - ის მარტო ზრდიდა ქალიშვილს. საერთო ჯამში ქორწინება წარმატებული იყო, რომ არა ერთი „მაგრამ“: ჰორაციოს დალევა უყვარდა. ეს ლიდიას იმდენად აღიზიანებდა, რომ შერმანის ქალიშვილის მოწამვლა გადაწყვიტა, რათა დაეფიქრებინა. ნაცვლად ამისა კი ჰორაციო კიდევ უფრო მეტს სვამდა, მაშინ კი ლიდიამ ისიც მოწამლა.


ლიდია მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. მან სიცოცხლე ციხეში დაასრულა.


intermedia.ge


კომენტარები:

ფართი შოპი