გენერალური პროკურორის არჩევის დღევანდელი რეგულაციის კრიტიკის უკან ცალსახად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი გენერალური პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის ხარისხი ძველ მოდელთან შედარებით ბევრად მაღალია.
„მინდა შევეხო გენერალური პროკურორის არჩევის დღევანდელ რეგულაციას, რომლის კრიტიკასაც ვისმენთ ყველანი და ამ ყველაფრის დაუსაბუთებლობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კრიტიკის უკან ცალსახად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. სურვილი იმისა, რომ გენერალური პროკურორის არჩევის ამ ახალ დემოკრატიულ პროცესს ჩრდილი მიადგეს და მოხდეს აღნიშნული პროცესის მაქსიმალური დისკრედიტაცია.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გენერალური პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის დემოკრატიულობის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგზის მაღალია ძველ მოდელზე“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკორორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.