შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს
დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების
პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით
სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების
დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა
შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.