თსუ-ში ჩატარებული უკანონო კონკურსები - თბილისის სააპელაციო სასამართლო თსუ მეცნიერების საქმის განხილვას იწყებს

19 Feb 2020 19:02

2020 წლის 20 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოსამართლე მარიამ ცისკაძის თავმჯდომარეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმეზე, პირველ სხდომას გამართავს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის მიმართ დავას ოთხი მოსარჩელე ჰყავს - ნინო ღამბაშიძე, ლოლა სარალიძე, რუსუდან ლაბაძე და მანანა ხვედელიძე. მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, მოთხოვნილია სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილობა, მოსარჩელეების შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.


თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თსუ მეცნიერების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელი და თსუ-ის მოქმედი რექტორი საქმიანობით დაკავშირებული აღმოჩდნენ 2006-2007 წლებში. კერძოდ, თსუ-ის რექტორი 2004-2013 წლებში უმაღლესი განათლების პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2006-2007 წლებში, ამავე უნივერისტეტში, ამავე პროგრამით სწავლობდა მოსამართლეც. ამასთან, მოსამართლის დამსაქმებელი, წლების განმავლობაში, იმყოფებოდა უნივერსიტეტი, მაგრამ მოსამართლემ რექტორთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობები გამორიცხა და საქმიდან აცილების მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. სააპელაციო საჩივარი ასაბუთებს, რომ ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ბ) არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებს და არ აკეთებს სწორ დასკვნებს სადავო გარემოებებზე, გ) საქმე წარმოებულია არაგანსჯადი კოლეგიის მიერ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს და დ) სადავო აქტები მიღებულია არაუფლებამოსილი კომისიის პირობებში, ადმინისტრაციული წარმოების ქუჩაში ჩატარების გზით, კანონის და საკონკურსო პირობების არსებითი დარღვევით. 


„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ აცხადებს, რომ თსუ მეცნიერების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარი შედეგი წარმოადგენს თსუ მოქმედი რექტორის გიორგი შარვაშიძის რეპუტაციის გადარჩენის მცდელობას. თსუ მეცნიერების საქმეზე მტკიცებულებების, საკონკურსო კომისიის წევრების სკანდალური ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ამ პროცესში დადგენილი და გამოკვეთილი სიმართლის და რეალობის მიუხედავად, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, საქმეზე არ დამდგარიყო კანონიერი გადაწყვეტილება.


დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით.


აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მოისმინა ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი მათი „სულიერი აღელვების“ საფუძველზე განაცხადეს და მათ წევრის სტატუსი იურიდიულად არ ჩამორთმევიათ. ამასთან, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პირის შესახებ ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში არჩეული პირი ნასამართლეობის მქონეა. 

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება - უკანონოა. 


ფაქტები ერთია - 2019 წლის 27 მაისის სხდომაზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ზაზა აბაშიძემ აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავადვე უწოდა ვაკხანალია, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა, ომარ არდაშელიამ სასამართლოს მიაწოდა ღირებული ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა კონკურსანტთა განაცხადებზე მუშაობა და შერჩევა. ზაზა აბაშიძის მსგავსად, ომარ არდაშელიამაც დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა, სადაც ზაზა აბაშიძემ დაიბარა. 2019 წლის 9 ივლისის სხდომაზე, მოწმის სახით დამატებით დაკითხულმა საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა - დარეჯან კლდიაშვილმა, ნინო აბაკელიამ და ბეჟან ხორავამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცეს. დარეჯან კლდიაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რაც მომდინარეობდა საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისგან. კომისიის წევრის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის დროს, უპირატესობა მინიჭა მათთან ახლობლობას და აღნიშნა, რომ წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა აბაშიძესთან ნათელმირონობით დაკავშირებულ პირსაც. კანდიდატების მიმართ პირადი შეხედულებებით შეფასებაზე ისაუბრა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინაიდან არ სურდა კონკურსში მონაწილე ცალკეული მეცნიერებების მიმართ პერსონალური დამოკიდებულებების დაფიქსირება, კომისიის სხდომებში მუშაობაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ბეჟან ხორავას, აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კომისიის შემაჯამებელ ოქმს ხელი გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან მოაწერა. ასევე, ბეჟან ხორავამ აღნიშნა, რომ კომისიამ ცალკეული კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეაფასა, რადგანაც გადამწყვეტი გახდა არა - სამეცნიერო ნაშრომების შეფასება, არამედ - გამარჯვებულ კონკურსანტებთან პირადი ურთიერთობები. 


ცნობისთვის: მოსარჩელეებმა სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 8 ოქტომბერს. შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში, თსუ მეცნიერების საქმე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაიგზავნება.


კომენტარები:

ფართი შოპი