როცა აღარ მოეწონათ უგულავას აქტიურობა პოლიტიკაში, ციხეში შეაბრუნეს, მე მგონი, მერაბიშვილზეც აბსოლუტურად იგივე სცენარი გათამაშდება, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ხელისუფლება დაიტოვებს რაიმე საქმეს, რითაც „ნებისმიერ მომენტში ციხეში შეაბრუნებენ”.
„მანდ ნაკლებად საჭიროა ვანგობა. ჩვენ ვუყურებთ, რა მოხდა უგულავას შემთხვევაში. გამოუშვეს, მაგრამ დაიტოვეს საქმე, რომლითაც შეეძლოთ ნებისმიერ მომენტში შეებრუნებინათ. როცა აღარ მოეწონათ უგულავას აქტიურობა პოლიტიკაში, ციხეში შეაბრუნეს. მე მგონი მერაბიშვილზეც აბსოლუტურად იგივე სცენარი გათამაშდება - დაიტოვებენ რაიმე საქმეს, რომლითაც ნებისმიერ მომენტში შეაბრუნებენ მას ციხეში. ეს უკვე, ასე ვთქვათ, დაცდილი მეთოდია „ქართული ოცნების”,- განაცხადა შარაშენიძემ.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებს, შარაშენიძის თქმით, მერაბიშვილი შესაძლოა, წავიდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან „ევროპულ საქართველოში”, „ან შეიძლება საერთოდ ორი პარტიის შერიგება გადაწყვიტოს“.
„ჩემი აზრით, ისევე როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ალბათ, ჯერ წავა ოჯახში, რაღაც გარკვეულ დროს მოახმარს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, დასვენებას და ამის მერე გადაწყვეტს სად წავა, მე ამას ვერ ვიტყვი. ბუნებრივია, ალბათ, ყველა ვვარაუდობთ, რომ წავა „ნაციონალურ მოძრაობაში” ან „ევროპულ საქართველოში” ან შეიძლება გადაწყვიტოს საერთოდ შერიგება ორი პარტიის. კაცი 7 წელია ციხეში ზის და ძალიან რთულია, როცა მისგან არაფერი არ მოგვისმენია, განცხადება არ გაუკეთებია საჯაროდ, რთულია პროგნოზი გააკეთო, რას აპირებს“, - განაცხადა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ, 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება.