2020 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბრენდული იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისოს“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე განიხილება. კომპანიამ სამსახურიდან გენდერული ნიშნით მაღაზიის მენეჯერი გაათავისუფლა, რომელსაც მაკიაჟი და თმის გასწორება შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაუთვალეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, წინამდებარე დავაზე მაღალი საჯარო ინტერესის შექმნა ემსახურება დასაქმებული პირების შრომით-სამართლებრივი უფლებების უპირობოდ დაცვას და პრევენციას, გენდერული ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის დაუშვებლობას და პრევენციას. შესაბამისად, ორგანიზაცია საქმეს აწარმოებს პრო-ბონოს პრინციპის გამოყენებით და განიხილავს მას სტრატეგიული სამართალწარმოების ნაწილად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შეტყობინებით), კომპანიამ დასაქმებული მაღაზიის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლება დაეფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძვლებს. კომპანიის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა დასაქმებულის ქმედებაში. კერძოდ, 2019 წლის 20 ნოემბერს, დასაქმებული მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელთან ერთად, სამუშაო ადგილზე, აღნიშნული თანამშრომლების სამუშაო საათებში იკეთებდა მაკიაჟს და ისწორებდა თმას.
საქმის მასალების მიხედვით, სინამდვილეში, დასაქმებულს, 2019 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმებით, გააჩნდა 1-დღიანი შვებულება (Day Off), ვინაიდან მეჯვარის სტატუსით უნდა დასწრებოდა მეგობრის ქორწილს. მენეჯერი 13:00 საათისთვის უნდა გამოცხადებულიყო იუსტიციის სახლში ხელმოწერის ღონისძიებისთვის. ვინაიდან მას, ერთის მხრივ გააჩნდა არასამუშაო დღე, მეორეს მხრივ კი მისი სამსახურეობრივი ადგილი იმყოფებოდა იუსტიციის სახლთან მცირე მანძილზე, გადაწყვიტა, რომ მაინც გამოცხადებულიყო სამსახურში, ყურადღება მიექცია გარემოსთვის და სამსახურიდან გადაადგილებულიყო დანიშნულების ადგილას. მენეჯერი სამსახურეობრივ ადგილას მოსვლის შემდგომ არ ყოფილა ჩართული სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებაში. იგი გადაადგილდა სწორედ იმ სივრცეში, რომელიც ჩვეულებრივ განკუთვნილია დასაქმებული თანამშრომლების, მათ შორის მოსვენებისთვის და იმჟამად მაღაზიაში მყოფი თანამშრომლებისაგან დამოუკიდებლად, დახმარებისა და ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, ნამდვილად მოემზადა საქორწინო ღონისძიებისთვის. პროცესს ხელი არ შეუშლია მაღაზიის ფუნქციონირებისთვის, ხოლო ის ფაქტი, რომ თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ მათი სამუშაო მიზნებისთვის დასახელებულ სივრცეში, რეალობაა და წარმოადგენს სრულიად ბუნებრივ პროცესს მაღაზიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ის ფაქტები და გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო გათავისუფლების გადაწყვეტილებას, უსაფუძვლო და უკანონოა, რაც წარმოადგენს გენდერული ნიშნით გათავისუფლებულის მიმართ არამართლზომიერ დამოკიდებულებას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კომპანიამ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო მუშაკის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინური წარმოება, ვინაიდან ქმედება ღიად და აშკარად არ ქმნიდა მისაღები გადაწყვეტილების საფუძვლებს. დარღვევის დაშვების შემთხვევაშიც, კომპანიამ არ გამოიყენა შედარებით მკაცრი სახდელი და გათავისუფლება მიიჩნია უმაღლესს ზომად და რაც მთავარია, გამოყენებული სანქცია და მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება სამსახურეობრივ გადაცდომას, გადაცდომად მიჩნეული ქმედება არ არის მომხდარი მუშაკის სამუშაო საათებში, ქმედებით არ გამოწვეულა არავითარი მავნე გავლენა ან/და საწარმოო პროცესის შეფერხება. ამ შემთხვევაში, მუშაკის გათავისუფლების საფუძვლები იმდენად დაუსაბუთებელია, რომ კრიტიკას ვეღარ უძლებს. მას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმური მიზანი და განვითარება. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით. ორგანიზაცია, მენეჯერის საქმეზე, წარდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს უკანონო გათავისუფლებას. შესაბამისად, სადავო ბრძანება სრულად ჯდება შსო-ის #158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენციის განხილვის ფარგლებში და სასამართლოს ობიექტური დასკვნების საშუალებას ტოვებს.
ცნობისთვის: სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბერს მიემართა, დაზუსტდა ცალკეული მოთხოვნები და წარმოებაში იქნა მიღებული 2020 წლის 27 იანვარს. კომპანიამ 7 თებერვალს სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მენეჯერის სასარჩელო მოთხოვნები - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არ ცნო და მხარესთან მორიგების შესაძლებლობაც გამორიცხა. ოფიციალური ინფორმაციით, იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისო“ მსოფლიოს 79 ქვეყანაში, 3,500-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2016 წლიდან საქმიანობს და ამჟამად 15 ფილიალითაა წარმოდგენილი. საქმეს მოსამართლე: ია ლაბაძე განიხილავს. მენეჯრის კანონიერ ინტერესებს: „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, იურისტები: ანა ფუტკარაძე და თამარ ციხიშვილი წარმოადგენენ.