პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს ნატოში გაწევრიანების დროულობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო ლიდერს, რომელმაც ძალიან მაღალ ტრიბუნაზე დააყენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი. მისი თქმით, -„საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის და ამისათვის სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგან, ამიტომ კარგი იყო პრემიერის წერილი The Washington Times-ში, სადაც ბატონი პრემიერი ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს რეგიონთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ხაზს უსვამს“.
დეპუტატის თქმით, ჩვენი ქვეყანა, უკვე მზად არის ნატოს წევრობისთვის. –„ნატოს წევრობა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, აქ არის ნატოს დიდი ოჯახის საერთო ინტერესი, იგივე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ღონისძიებებისთვის. ჩვენთვის ეს იქნება, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი, არამედ ერთგვარი ბიძგი იქნება იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და გააათმაგოს თავისი შესაძლებლობები, რამდენადაც ნატოს წევრობა ნიშნავს უსაფრთხოებას და ინვესტორებისთვის თავისთავად ასეთი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია, ამიტომ ამ წერილით და შემდგომ პერიოდში ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაძლიერებს თავის ძალისხმევას, რომ ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს“, -აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.