კონფერენცია ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა" გაიმართა

02 Mar 2020 21:13

,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა" - კონფერენცია ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ინიციატივით გაიმართა. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერიის შესაბამისი  სამსახურების, სასამართლოს, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა  მიიღეს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა სამშენებლო სამართლის ნორმებისა და სწორი ქალაქგეგმარების შესახებ იმსჯელეს და თეორიულთან ერთად, პრაქტიკული საკითხებიც განიხილეს.


კონფერენცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გახსნეს. გიორგი ტყემალაძემ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შრომითი უსაფრთხოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. რაც შეეხება ქალაქმშენებლობას, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ეს თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს და ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.


თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  ლევან ჟორჟოლიანმა ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ეს როგორც კომპანიებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მისივე თქმით, სამშენებლო სამართალი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, რომელშიც  მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული. შესაბამისად, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით,  მნიშვნელოვანია როგორც სწორი ქალაქგეგმარება, ასევე, უსაფრთხო მშენებლობები.


კონფერენცია ,,სამშენებლო სამართალი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო მშენებლობის უზრუნველყოფა" ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.




კომენტარები:

ფართი შოპი