"წყალტუბო ჩვენს პრიორიტეტულ პროექტებშია, რომელიც 2020-2021 წლებისთვის აქტიურ ფაზაში შევა" - მაია ცქიტიშვილის პასუხი წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატს

06 Mar 2020 23:27

პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს, ცოტნე ზურაბიანი რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის, დეტალური ინფორმაციით ინტეგირებული განვითარების პროგრამის შესახებ, რომელიც საპილოტე რაიონებში ხორციელდება. დეპუტატი ასევე შეეხო წყალტუბოს აღორძინების პროექტს. 


„ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ დღეს ამ მიმართულებით. მუშავდება წყალტუბოს განვითარების გენგეგმა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს. ამაზეც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და იმ ეტაპებზე, რომელიც წინ უძღვის აღორძინების პროექტს.


ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში რჩება მოუგვარებელი სასმელი წყლის პრობლემა - მაინტერესებს, წელს ან მომდევნო წელს ამ საკითხებთან მიმართებაში თუ იგეგმება კონკრეტული პროექტების განხორციელება“, - მიმართა ცოტნე ზურაბიანმა მინისტრს.




რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის შეკითხვებს პუნქტობრივად უპასუხა: 


წყალტუბოს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამ მიმართულებით, ჩვენ დასაფინანსებელი გვექნება, როგორც წყალმომარაგების, ასევე მოგვიწევს ურბანული განახლება, შიდა გზების, საპარკო ინფრასტრუქტურის და ყველაფრის, რაც კი იქნება საჭირო გენგეგმის გათვალისწინებით.


რაც შეეხება გენგეგმას, ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა გამოცხადებული კონკურსი, რომელიც სამწუხაროდ არ დამთავრდა დადებითი შედეგით. ამ ეტაპზე განხილვის საგანია გავაგრძელოთ თუ არა ურთიერთობა იმ კომპანიასთან, რომელმაც გააკეთა გენგეგმის პირველადი ფაზა, ან გადავხედავთ იმ პაკეტის ღირებულებას, რომელიც იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ხდება გენგეგმის შემუშავება, თუმცა ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რათა განვსაზღვროთ რომელი შენობების შეყვანაა შესაძლებელი ან საჭირო ძეგლთა ნუსხაში. ასევე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ ჩამოყალიბდეს ეკონომიკური საინვესტიციო პაკეტები. ასე რომ, წყალტუბო ჩვენს პრიორიტეტულ პროექტებშია, რომელიც 2020-2021 წლებისთვის აქტიურ ფაზაში შევა.


ამავდროულად, ბატონი ცოტნეს შეკითხვა შეეხებოდა ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, სახელმწიფო დაფინანსება იქნება თუ საერთაშორისო, რომ მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური აქტივობებისთვის დამატებითი საშუალებები შევქმნათ.“-განმარტა მინისტრმა.




კომენტარები:

ფართი შოპი