კორონავირუსით ინფიცირებულ მე-13 პაციენტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

08 Mar 2020 06:04

„კორონავირუსით დაინფიცირებული მე-13 პაციენტი ახალგაზრდა ქალია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა. აღენიშნება ტემპერატურის მომატება 37.3 გრადუსზე და მცირე ხველა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.


მისი თქმით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მივიდა. „ბოლო პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა ერთ-ერთ იტალიაში დაინფიცირებულ პირთან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.


საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 50. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




კომენტარები:

ფართი შოპი