საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

10 Mar 2020 04:21

„კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 42 პაციენტი იმყოფება, მათგან 17-ის ტესტი კი გამოკვლევაზეა გადაგზავნილი, რომლის პასუხებიც უახლოეს საათებში გახდება ცნობილი:


„42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა გამოსაკვლევად. ჯერ არც ერთის პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ისევ გვყავს ინფიცირებული 12 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე დანარჩენი 10 პაციენტიდან 1 აბსოლიტურად უსიმპტომოა და 9-ს აქვს მინიმალური სიმპტომები - ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. 12 პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ ცენტრში გადის, 1 ადამიანი კი საჩხერეს საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.


კომენტარები:

ფართი შოპი