თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ბოლოს დაინფიცირებული 2 პაციენტიდან ერთი ე.წ. იტალიური კლასტერიდანაა, მეორეს კი ესპანეთში იტალიელებთან ჰქონდა შეხება.
„იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატულა ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.