საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე, რომელიც ახლახან დასრულდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 15 ადამიანის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი.
„რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ყველაზე მაღალდასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000-ს გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს, კერძოდ, გერმანიასა და საფრანგეთში. ევროპის სხვა ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს.
რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა ჯერჯერობით პროგნოზს, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნაა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან, მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საყურადღებოა, რომ ბევრი მოქალაქე კვლავაც თავს არიდებს საკარანტინო სივრცეში მოთავსებას და მათი დათანხმებისთვის პერსონალს დიდი ძალისხმევა უწევს. „მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს გამოიჩინოს მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს ამ მიმართულებით, როგორც თვითიზოლაციაში დარჩენის და რეჟიმის დაცვის კუთხით, ასევე საკარანტინე სივრცეებში მათი განთავსების შემთხვევაში. დღეს ძალიან საყურადღებოა იტალიიდან ჯგუფის მოსალოდნელი გადმოყვანისთვის მომზადება. ამ თვალსაზრისითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები. როგორც მოგეხსენებათ იტალიაში რისკი მაღალია და ამდენად ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქ იმყოფებოდა და ახლა დაბრუნდება ქვეყანაში, რა თქმა უნდა საჭიროებს შესაფერის მეთვალყურეობას, იზოლაციას და თავდაპირველად საკარანტინე სივრცეში განთავსებასაც. დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის დეტალი გავიარეთ, რომელიც საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს.
საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობას. მინისტრი დეტალურად გაეცნო თუ რა დამატებითი საჭიროებები აქვს თითოეულ უწყებასა თუ დეპარტამენტს. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები, ასევე თვითიზოლაციისა და კარანტინის კუთხით არსებული სიტუაცია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.