"რამდენიმე ადამიანი კარანტინიდან გაიქცა, გამოვიძახეთ პატრული და იძულებით დავაბრუნეთ" - რა ხდება საკარანტინო ზონებში?

10 Mar 2020 05:02

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 15 შემთხვევა დადასტურდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 51 ადამიანი რჩება, ხოლო კარანტინში - 141. ერთ-ერთი საკარანტინო ზონა სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" დაწესებულებაშია მოწყობილი. ცენტრის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სახლშიც არ წასულან.


"თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მზად არ ვიყავით პაციენტების მისაღებად, გათბობა არ იყო, ექიმები ყურადღებას არ აქცევდნენ, არადა, ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სახლშიც არ წასულან...


 გადამზადებული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სპეცსამოსით შედიან, კარანტინში მყოფებს დღეში სამჯერ უზომავენ სიცხეს, მიაქვთ საკვები. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ. საკვები ყველას ინდივიდუალური კონტეინერით მიეწოდება; მათ აქვთ თეთრეული და პირადი მოხმარების საგნები, მათ შორის - ტანსაცმელი. გამოყენებული ტანსაცმელი ან იქვე ირეცხება, ან ოჯახის წევრებს  გადავცემთ. მათ შეუძლიათ ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენება. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შესაძლებლობა აქვთ, იზოლაციაში მყოფებს საკვები, პირადი მოხმარების საგნები, საჭირო მედიკამენტები მიაწოდონ. ყოველდღიურად ხდება საიზოლაციოდ გამოყოფილი ოთახებისა და სველი წერტილების დეზინფექცია.


33 ადამიანი გვყავს, უმეტეს შემთხვევაში ცალ-ცალკე საიზოლაციო ოთახებში, რომელთაც აქვს დამოუკიდებელი ჰაერცვლის სისტემა, თუმცა პაციენტი შეიძლება ჯგუფურად, მაგალითად, ოჯახის წევრებთან ერთად მოხვდეს იზოლაციაში, რასაც ეპიდემიოლოგი იზოლირებულებთან შეთანხმებით წყვეტს.


ერთხელ საკვების შეტანის დროს რამდენიმე ადამიანი საკარანტინო ზონიდან გაიქცა, მაგრამ გამოვიძახეთ პატრული და ისინი იძულებით დავაბრუნეთ... ამის შემდეგ კონტროლი გავამკაცრეთ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ზურაბ ჩხაიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი