დაკავებული პროკურორი: არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. შევცდი, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა

11 Mar 2020 02:52

მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად. როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა განაცხადა.


მან სასამართლო პროცესზე მის კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ადვოკატებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.


დავით შაკიაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება სთხოვა.


„დიდი მადლობა ყველას, იმისათვის რომ მობრძანდით. მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ინტერესები დაიცავით-მეთქი. ერთი თხოვნა მაქვს, იმ ადამიანს შეეშვით, ვინც ეს გააკეთა, თავისიც ეყოფა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ჩემ კოლეგებს მოვუხადო, პროკურატურას. ის ადამიანები იქ მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და მათ შორის, მეც ვემსახურებოდი სახელმწიფოს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კრიმინალი შეგევემცირებინა. მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი - პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო", - განაცხადა შაკიაშვილმა.


ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.



კომენტარები:

ფართი შოპი