პაატა იმნაძე: ახალგაზრდები ადვილად გადაიტანთ კორონავირუსს, მაგრამ თქვენ უფროს თაობას სასიკვდილო რისკის ქვეშ აყენებთ

11 Mar 2020 04:35

საქართველო არის დედამიწაზე, დედამიწაზე რაც ხდება, საქართველოშიც რა თქმა უნდა ეს მოხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილის” ეთერში განაცხადა.


მან ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მიმართა და სთხოვა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, დარჩნენ თვითიზოლაციაში და საფრთხე არ შეუქმნან უფროს თაობას.


„მინდა გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსს ახალგაზრდები ადვილად გადაიტანთ, მაგრამ ბებიებს, ბაბუებს, მამას და დედას, უფროს თაობას სასიკვდილო რისკის ქვეშ აყენებთ. ამიტომ გავიჭირვოთ და როდესაც საზღვარგარეთიდან დავბრუნდებით 2 კვირა თვითიზოლაციაში ვიყოთ“, - განაცხადა იმნაძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




კომენტარები:

ფართი შოპი