2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

12 Mar 2020 16:47

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსი გამოქვეყნდა.


ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ რეგიონში საქართველო 2014 წლიდან ლიდერობს, მსოფლიო მასშტაბით კი,  128 ქვეყანას შორის 0.60 ქულით 42-ე ადგილს იკავებს.


2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით წინ უსწრებს მოლდოვას (82-ე ადგილი), ბულგარეთს (53-ე ადგილი), უნგრეთს (მე-60 ადგილი), უკრაინასა (72-ე ადგილი) და სხვა ქვეყნებს.


კანონის უზენაესობის ინდექსი აფასებს 8 კომპონენტს, მათ შორის, კორუფციის არარსებობასა და ღია მმართველობის დონეს. საქართველო კორუფციის არარსებობის კომპონენტში 0.68 ქულით რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 128 ქვეყნიდან 27-ე პოზიციას იკავებს.


ასევე, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს ღია მმართველობის კომპონენტში, მსოფლიო რეიტინგში კი, 41-ე ადგილს იკავებს 0.57 ქულით. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანა რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს სისხლის სამართლის სისტემისა და ადამიანის უფლებების სფეროებშიც.


აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, წინა წლისგან განსხვავებით, უფრო მეტი − 128 ქვეყანა შეფასდა. 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე დანიაა 0.90 ქულით. 


ცნობისთვის: რეიტინგში მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.


კომენტარები:

ფართი შოპი