დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

13 Mar 2020 01:26

„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“N6 ცვლილების წერილზე შეთანხმება განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი უძღვებოდა.


საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს ხელი მოეწერა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2011-2019 წლებში საქართველოსთვის გამოიყო 500 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხი.


პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 6 პროექტი. ხელშეკრულებაში შესულია 5 ცვლილება. წარმოდგენილი ცვლილება N6 ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გამართული ფუნქციონირებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შეძენას და სისტემაზე პასუხისმგებელი ინდივიდუალური კონსულტანტის დაქირავებას.


მთავრობის წარმომადგენელმა „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N2 ცვლილების წერილზე შეთანხმებაც წარადგინა. შეთანხმებაში უკვე შესულია პირველი ცვლილება. ცვლილება N2-ის მიხედვით პროექტს ემატება კიდევ ერთი კომპონენტი, კერძოდ, ფოთის ხიდისა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო პროექტის დასრულების თარიღი გადაიწევს და იქნება 2025 წლის 31 დეკემბერი.


„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარადგინა.


კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწის, აგრეთვე ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის და „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციების შესაბამის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობით.


„კანონპროექტთა პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებები პირობითად შეიძლება დაიყოს 2 ჯგუფად. ერთი ნაწილი მიმართულია იქით, რომ დაზუსტდეს კანონმდებლობაში ტერმინები და ცნებები და მაქსიმალურად შესაბამისობაში მოვიდეს კონვენციასთან. ხოლო მეორე ჯგუფის ცვლილებები არის გამოძახილი ჩვენივე პრაქტიკისა. მთავარი პრინციპია, რომ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების შემთხვევაში მოხდეს სწრაფი რეაგირება. ეს ემსახურება იმას, რომ შესაძლებელი გახდეს მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ტერმინები: „არამართლზომიერად გადაადგილება“ და „არამართლზომიერად დაკავება“.


არასრულწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილების დროს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა ხდება მეურვეობის უფლების მქონე პირის/პირების თანხმობის გარეშე, ხოლო არამართლზომიერი დაკავებისას არასრულწლოვანი სხვა სახელმწიფოში მიდის მეურვეობის უფლების მქონე პირის/პირების თანხმობით, თუმცა, გარკვეული ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას არ ხდება ბავშვის დაბრუნება. აღნიშნული ტერმინების გამიჯვნა მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმის გარემოებებისადმი ნორმების მისადაგების პროცესში.


ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ორგანო ვალდებულია, ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების შესახებ შუამდგომლობა გადააგზავნოს იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის დებულებების მიხედვით, საქართველოს ცენტრალურ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, შუამდგომლობა გააგზავნოს ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დაკონკრეტდეს საქართველოს კანონმდებლობაშიც.


მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება შედის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“; „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში; „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში; „პოლიციის შესახებ“ კანონში; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის“ კოდექსებში.


სხდომის თავმჯდომარემ, ცოტნე ზურაბიანმა კოლეგებს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილება გააცნო, რომლის მიხედვით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში ფრაქციიდან „ქართული ოცნება“ იქნება დავით მათიკაშვილი ხოლო, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამის) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში გიორგი მოსიძე - პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.


„დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ნინო გოგუაძემ კომიტეტის წევრებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის“ ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.


მომხსენებლის განმარტებით, საკითხზე მუშაობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაგან მოწოდებული ინფორმაციით საბოლოო დასკვნა მომზადდა.


შემუშავებული დოკუმენტის მთავარი ამოცანაა კვლევისას მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით შეაფასოს სახელმწიფო პოლიტიკის არსებული მდგომარეობა, დეზინფორმაციასა და მტრულ პროპაგანდასთან გამკლავების კუთხით. ამასთან, კვლევა მოიცავს მთავარ მიგნებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ერთი მხრივ, აფასებენ თემასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, მეორე მხრივ კი სთავაზობენ სახელმწიფოს ზოგად და კონკრეტულ გზებს, არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და მტრულ საინფორმაციო კამპანიებთან გასამკლავებლად სახელმწიფოს მედეგობის გასაზრდელად.


„დასკვნა სრულად იქნა გაზიარებული სამუშაო ჯგუფის მიერ და ყველა შენიშვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი ასახულია საბოლოო დოკუმენტში. ეს იყო პირველი ინტერპარტიული მოკვლევის ჯგუფი, რომელმაც წინააღმდეგობრივ საკითხზე ერთობლივად იმუშავა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ მონაწილეობდა მოკვლევის პროცესში და მათ მიერ მხარდაჭერილია დასკვნა. ჩვენ გვსურდა შეგვესწავლა როგორ მუშაობდა ქვეყანაში დეზინფორმაცია, რა მექანიზმებით ხორციელდებოდა, ვინ არიან ის აქტორები რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ პროცესზე, რომელიც მას საფრთხედ აქვს მიჩნეული“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.


მისი განმარტებით, ამ ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომ სახელმწიფო უწყებები ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორი საფრთხეს ერთგვარად აფასებს.


„ანტიდასავლური დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკავშირდება ქვეყანაში კონკრეტულ მიზნებს ისახავს და ესენია: შეაფერხოს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, ქვეყანა დააშოროს თავის სტრატეგიულ პარტნიორებს, იყოს ნეგატიური დამოკიდებულება დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე და ქვეყანა მუდმივად იყოს დაძაბულობის და შიშის პირობებში. საფრთხე იდენტიფიცირებულია და მის შეფასებაში პოზიცია არის ერთიანი“, - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა.


ნინო გოგუაძემ კოლეგებს ანგარიშში ასახული რეკომენდაციები გააცნო, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი.


კომიტეტის სხდომაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.


კანონპროექტის მიღების შედეგად კანონიდან მოხდება „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის ამოღება. ამასთან, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება დაეკისრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს.


სხდომაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.



კომენტარები:

ფართი შოპი