საქართველოში კარანტინის რეჟიმში 438 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი -1100 ადამიანი

14 Mar 2020 04:02

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 438 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 1100 ადამიანი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა


„საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.


საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.


ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში გაიტესტა. ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი - თვითიზოლაციაში. 70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



კომენტარები:

ფართი შოპი