ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, ნაღდი ფულის გამოყენებისას ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან

14 Mar 2020 04:05

ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები: ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანონ ხელები.


„ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი). შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები. შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.


კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგი სახის საკარანტინო ზომებს: მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge


2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში. დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ კორონავირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის რეკომენდაციებში.


12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



კომენტარები:

ფართი შოპი