ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს ვაიძულოთ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულები, ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ალტერნატიურ გზებზე ვმუშაობთ, მაგრამ მე არ შემიძლია გადავჭრით ვთქვა, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება, თუმცა თუ ეს მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა დგებუაძემ.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 29 თებერვალს სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა. შედეგად, სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო და 16 მარტს უნდა დასრულებულიყო. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს თბილისისა და ბათუმის ბაგა-ბაღებმა.
11 მარტს კი საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივეს.
12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.