შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო
გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით დამატებითი
რეკომენდაციები მიიღეს.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ვიდეოკონფერენციის საშუალებით
სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა რეგიონული
სამმართველოს მესაზღვრეებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსის გავრცელების
რისკების მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული
ქმედებებისა და შემზღუდავი ზომების შესახებ. ასევე, გააცნო სასაზღვრო
პოლიციის მიერ განსაზღვრული, პრევენციისაკენ მიმართული სპეციალური
ღონისძიებები.
სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტმენტის დირექტორმა კოკა მელქაძემ შეხვედრა
გამართა ყაზბეგის სამმართველოში და ახალი კორონავირუსის შესაძლო
გავრცელების პრევენციის მიზნით მესაზღვრეებს რეკომენდაციების სრული დაცვისა
და მაქსიმალური მობილიზაციისაკენ მოუწოდა.
შეხვედრების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის
სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის სამედიცინო-სადაზღვევო სამსახურის
წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულიც ცენტრის
რეკომენდაციების საფუძველზე, მესაზღვრეებს სამსახურებრივ საქმიანობისას
გასათვალისწინებელი სპეციალური წესები და ჰიგიენის რეკომენდაციები
გააცნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მუდმივ კონტაქტზეა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მესაზღვრეებს განახლებულ
რეკომენდაციებს პერიოდულად აწვდის.