კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი sms შეტყობინებებიც გავრცელდა

17 Mar 2020 05:35

კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს, არ დაუშვან კორონავირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.


ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ.


კერძოდ, კომისიამ ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება, დაუყონებლივ შეუზღუდონ სმს (A2P) შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.


დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით გაუგზავნა მთელი საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციები და ინფორმაცია შემდეგი შეტყობინებების სახით: „MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებით სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას. www.stopcov.ge www.moh.gov.ge, გადაუდებელი დახმარება 112.“


ამ სმს-ის გაგზავნით ბოროტად ისარგებლეს დაინტერესებულმა პირებმა და მისი გავრცელებიდან, დაახლოებით 2 საათში ადგილი ჰქონდა ორი ყალბი სმს შეტყობინების გავრცელებას. დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა.


ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მობილურმა კომპანიებმა მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება, რათა აღიკვეთოს შეცდომაში შემყვანი შეტყობინებებისა და არასათანადო სოციალური რეკლამების გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს მათ.


თემის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მხოლოდ სწორი და ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, კომისია ავალებს მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა კომპანიას, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ინფორმაცია და რეკომენდაციები საზოგადოებას მხოლოდ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ“, - აცხადებს კომისია.


საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები sms შეტყობინებით გაუგზავნა.


დღეს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


კომენტარები:

ფართი შოპი