მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მიკროავტობუსების მძღოლები შემოსავალის გარეშე არ დარჩნენ - კახა კალაძე

17 Mar 2020 18:40

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, "თბილისის მიკროავტობუსის" მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გამოინახოს გარკვეული ფინანსური რესურსი და  არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე არ დარჩნენ.


კალაძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.


"როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.


იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება,  მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით- შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება "თბილისის მიკროავტობუსის" მენეჯმენტთან, რათა გამონახული იქნეს გარკვეული ფინანსური რესურსი და  არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ  თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე," - განაცხადა კახა კალაძემ.


გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება,  ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.


კომენტარები:

ფართი შოპი