"ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის."- აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელიც გუშინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვთ, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს. ახლა კი მსურს, საზოგადოებას თბილისის მერიის კიდევ რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია.
ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.
მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისაღებში ერთდროულად შევიდნენ.
მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც ჩვენი სამსახურების თანამშრომლები წერილს გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან, ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ.
ამასთან, ამიერიდან, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება, მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდეთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცავით რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას - ესაა მოხალისეები ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება.
აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთოს მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, დარეკეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22, სადაც მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება თქვენი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყოთ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები.
ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებული, შევძლებთ, გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას. ყველანი ვთანხმდებით, რომ დღეს ჩვენ ავტობუსების ან საწვავის ნაკლებობა ნამდვილად არ გაგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთობა, რადგან ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს."-განაცხადა კახა კალაძემ გამართულ ბიფინგზე.