ვასო ურუშაძე: მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აქცია

18 Mar 2020 19:36

მას შემდეგ, რაც ხელოსუფლება გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ვცდილობ კრიტიკისაგან თავი შევიკავო. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უკვე დუმილიც დანაშაულია.

 

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, თბილისის საქალაქო ტრანსპორტი  ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აქცია.

 

ქვეყანაში არ არის გამოცხადებული საგანგებო მდომარეობა, შესაბამისად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ქალაქში ადამიანების მობილობა კვლავ მაღალია.

 

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ, გამოიწვია მგზავრთა ნაკადის მეტროსა და ავტობუსებზე გადართვა, რამაც პიკის საათში კოლაფსური მდგომარეობა შექმნა. გადაიტვირთა ავტობუსები, ავტობუსის გაჩერებები, მეტროპოლიტენი, განსაკუთრებით სადგურის მოედანი და მეორე ხაზზე გადასასვლელი სივრცე. ყოველივე ეს ზრდის ადამიანების დაინფიცირების რისკებს და ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

 

საქართველოს მთავრობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ, რომლის რისკებიც წინასწარ არ შეფასებულა, შექმნა რეალური საფრთხე, ვირუსის გავრცელების ტემპები კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდეს. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, მოსალოდნელი შედეგები უნდა განვსაზღვროთ და მარტივი პრინციპით ვიმოქმედოთ-ის რაც თვლადია უნდა დაითვალოთ.

 

საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო ტრანსპორტი უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, იზრდება მეტროს შემადგენლობის მოძრაობის სიხშირე და ემატება ავტობუსების რაოდენობა. რაც სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა სიმჭიდროვეს მინიმუმამდე შეამცირებს. ამავდროულად სრულდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები, სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი დეზინფექცია, მგზავრებისთვის პირბადეების და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება. ან ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, მინიმუმამდე მცირდება ეკონომიკური აქტივობა და იკლებს ადამიანების მობილობა. მოქალაქეებისთვის აღარ წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.


 


კომენტარები:

ფართი შოპი