"ინფიცირება" - როგორ იწინასწარმეტყველეს 2011 წლის ფილმში კორონავირუსის ეპიდემია

18 Mar 2020 21:52

ბოლო დღეების განმავლობაში ამ ფილმის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, წერს შეფასებებს, ავლებს პარალელებს.


2011 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი სახელად "ინფიცირება", თუმცა ის მაშინ ბლოკბასტერი ვერ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში უამრავი ცნობილი მსახიობი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ, გვინეთ პელტროუ, კეით უინსლეტი და მაიკლ დუგლასი - იმ წელს მსოფლიოში მხოლოდ 61-ე ადგილი დაიკავა.


ახლა კი მისინახვები რეკორდულ ციფრებს აღწევს. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახვების მიხედვით ტრენდებშია და გუგლშიც, მოძებნის მიხედვით, ყველა რეკორდი მოხსნა.

დეკემბრამდე, ვიდრე გავიგებდით, რომ მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდებოდა, ფილმი Warner Bros-ის თანახმად კატალოგში 270-ე ადგილს იკავებდა, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი ის მხოლოდ ჰარი პოტერს ჩამორჩება. ეს ყველაფერი კი იმითაა განპირობებული, რომ ფილმის სიუჟეტი ძალიან ჰგავს იმ რეალობას, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება.


ფილმში საქმიანი ქალი, რომლის როლსაც გვინეთ პელტროუ ასრულებს, სრულიად უცნობი, მომაკვდინებელი ვირუსისგან კვდება, რომლითაც ჩინეთში დაავადდა. ფაქტმა კი მსოფლიოში დიდი პანიკა გამოიწვია.


ჩინეთთან კავშირის გარდა, ფილმში ბევრი ისეთი დეტალია, რომლის გამოც უამრავი ადამიანი უყურებს მას. ინტერესი თავად მსახიობმა, გვინეთ პელტროუმაც გაამძაფრა, როდესაც საკუთარიინსტაგრამის გვერდზე 26 თებერვალს გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც სამედიცინო ნიღბითაა და წერს: "უკვე ნანახი მაქვს ეს კინო. დამშვიდდით და ხშირად დაიბანეთ ხელები"- წერს მსახიობი. მას 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.


იპოვეთ განსხვავება

სინამდვილეში, ის ამბავი, რაც ფილმშია აღწერილი, შთამბეჭდავია. მთავარი გმირი, ჰონგ-კონგში ერთ-ერთი შეფ-მზარეულისგან ინფიცირდება MEV-1 ვირუსით, მზარეული ღორის ხორცისგან ამზადებდა კერძებს, ღორი კი, თავის მხრივ, დაინფიცირდა ღამურასთან კონტაქტისას. ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუნდება, ავად ხდება და მალევე კვდება. ამ დაავადებას ემსხვერპლება მისი ვაჟიც, ხოლო მისი ქმარი, რომელსაც მეთ დეიმონი თამაშობს, ინფექციის მიმართ მდგრადი აღმოჩნდება.


სინამდვილეში, ექსპერტების აზრით, ვუჰანში ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადაცემით გავრცელდა. დიდი ალბათობით, როგორც 2002-2003 წლებში SARS-ის ეპიდემიის შემთხვევაშიც ვირუსის წყარო ღამურები იყვნენ, რომლებსაც სხვა ცხოველებთან ჰქონდათ კონტაქტი და სწორედ მათგან გადაედოთ ადამიანებს. ფილმში ასეთი ცხოველი ღორი აღმოჩნდა.

Covid-19-ის ნამდვილი შტამების მსგავსად, ფილმშიც ვირუსი ადამიანებთან მჭიდრო კავშირითა და უშუალო კონტაქტით გადადის. ყველაფერი ისეა, როგორც სინამდვილეში. ვირუსი ფილმის გმირების შემთხვევაშიც სასუნთქ გზებში გადადის და სწრაფად პროვოცირებს.

თუმცა, იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია - დაახლოებით 25 პროცენტი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით კი ახლა, გარდაცვალების რიცხვი 3,4 პროცენტს შეადგენს.


ფილმში MEV-1 ერთ თვეში მსოფლიოში 26 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს. რეალურ სურათს რომ შევადაროთ, სამ თვეში ჩინეთში 4 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

როდესაც ფილმში ვირუსის მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება, ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ადამიანების იზოლირება და აქტიური დეზინფექცია ევალებათ. მოქმედების მსვლელობის დროს, ჩიკაგოში მთლიანი ზონა კარანტინშია მოქცეული, რაც ჩინეთში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ჰგავს.


ვირუსის გავრცელება ზუსტად ისეთი გზით წავიდა იტალიაში, როგორც ფილმშია ასახული.



შიში და დომინოს ეფექტი

ფილმისადმი ინტერესის გაღვივებამ გააოცა თავად სცენარის ავტორი, სკოტ ბერნსი. ის ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფილმით უნდოდათ ეჩვენებინათ, რამდენად არ არის მზად თანამედროვე საზოგადოება ეპიდემიასთან საბრძოლველად.

"ფილმის სიუჟეტისა და რეალური ამბების მსგავსება, დამთხვევაა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია, შიში და დომინოს ეფექტი", - ამბობს ის. ამ სიტყვებში ალბათ სცენარის ავტორი ფილმში ერთ-ერთ გმირს გულისხმობს, რომელიც განზრახ ავრცელებს არასწორ ინფორმციას და მოსახლეობაში პანიკასა და შიშს იწვევს.


სინამდვილეში, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ყალბი და დაუსაბუთებელი ამბავი ვრცელდება, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას და უკონტროლოს ხდის.


"ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება შესაძლოა ისეთი საშიში გახდეს, როგორც ვირუსი", - ამბობს ფილმის სცენარის ავტორი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერნსი ცდილობდა ფილმი მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო, ამიტომ მუშაობისას კონსულტაცია ეპიდემიოლოგებთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან გაიარა.


"როდესაც ამ თემაზე მათ ვესაუბრებოდი, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეპიდემიაზე "თუ" არ გამოიყენება, არამედ ყველაზე აქტუალური კითხვაა "როდის", - ამბობს ბერნსი.


ერთ-ერთი საიმედო მათთვის, ვინც ამ ფილმის ყურებით უფრო დაიზაფრა ამ დღეებში, არა მარტო ის განსხვავებებია, რაც ჩამოვთვალეთ, არამედ ისიც, რომ 2011 წელს არის გადაღებული და ახლა, იმ დროიდან 9 წლის შემდეგ მედიცინაც ბევრად წინ არის და ადამიანებიც ბევრად უფრო ინფორმირებულნი არიან. შესაბამისად, ეპიდემიაც გაცილებით მართვადი იქნება.

https://www.mshoblebi.ge/


კომენტარები:

ფართი შოპი