ზუგდიდში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სოციალურ სამკერვალო საწარმო "ჰანგ"-ისდამფუძნებელმა, რუსლან საჯაიამ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამედიცინო პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.
მისი განცხადებით, ერთჯერადი პირბადეები შეკვეთით იკერება და ერთეულის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.
„დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც პირბადეები სჭირდებოდა. ამ ეტაპზე შეკვეთების მიხედვით ვაპირებთ მუშაობას, სანამ ნედლეულის უფრო მეტ მარაგს შემოვიტანთ. პირველ ეტაპზე 600-მდე პირბადის შეკვეთა გვაქვს და კიდევ შემოდის წერილები. სამედიცინო პირბადეები ყველა სტანდარტისა და ნორმების დაცვით მზადდება“,-აცხადებს საწარმოს დამფუძნებელი.
მისივე თქმით, სამკერვალო საწარმოში სულ 10 ადამიანი და მათ შორის 3 შშმ პირია დასაქმებული. ამასთან, კომპანია რეკომენდაციებს ითვალისწინებს და ამჟამად ადგილზე მხოლოდ ის პირები მუშაობენ, ვინც პირბადეებს კერავს, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.