როდის გაჩერდება თბილისის მეტრო - გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

19 Mar 2020 02:35

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მოძრაობა იკრძალება. თუმცა, თუკი იქნება ამის საჭიროება და შესაბამისი რეკომენდაცია, თბილისის მერია მგზადაა მეტროც გააჩეროს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი მკვეთრად შემცირებულია და მეტრო და ავტობუსები საკმარისი იქნება იმ მოქალაქეთა მომსახურეობისათვის, ვისაც დედაქალაქში გადაადგილების „უკიდურესი აუცილებლობა" აქვთ.

 

„თუ იქნება იმის აუცილებლობა და თუ იქნება მოცემული რეკომენდაციები, რომ უნდა შეწყდეს ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჩვენ ამასასც გავითვალისწინებთ მომდევნო დღეების განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.

 

მთავრობაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, არის თუ არა მეტროპოლიტენით გადაადგილება მიკროავტობუსით მგზავრობაზე უფრო უსაფრთხო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მიკროავტობუსების აკრძალვის შემდეგ მგზავრთა ძირითადი ნაკადი სწორედ მეტროზე გადაერთვება.

 

როგორც, თბილისის მერიაში „რეზონანსს" უთხრეს, ამ ეტაპზე მეტროს მუშაობის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას. ინფექციონისტთა აზრით კი, მეტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიხუროს, თუკი ინფექციის გავრცელება მასიურად მოხდა.

 

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში შიდა გადაცემის რიცხვი მოიმატებს და მასიურ ხასიათს მიიღებს, შესაძლოა მეტროს დახურვის საჭიროება დღის წესრიგში დადგეს, თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძინების აუცილებლობას გამორიცხავს.

 

„სამარშუტო ტაქსების გადაადგილების შეზღუდვა გამოიწვევს მეტროში ხალხის მობილიზებას, თუმცა, დიდად არ შეიცვლება სიტუაცია ეპიდსაშიშოების კუთხით. ჩვენთან შიდა გადაცემის ძალიან ცოტა შემთხვევაა და ასეთი ეპიდსაშიშროება ამ მომენტში არ გვაქვს. თუ მასიური გადაცემა გააქტიურდა, შეიძლება უფრო გაძლიერებულად მოხდეს კლინიკური ნიშნების გამოხატვა.

 

„არ არის გამორიცხული ესეც საჭირო გახდეს (მეტროს დახურვა), რაც უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება. თუმცა, 30-33 პაციენტი ქვეყნისთვის არცთუ ისე ბევრია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დაავადება გადამდებია. ამიტომ არის მობილიზებული მთელი ქვეყანა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებდით," - აღნიშნა ხმალაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ევროპისა და მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში უკვე შეაჩერეს მეტროს მუშაობა. მაგალითად, კიევში, ეს ფორსირებულადაც მოხდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად გამოცხადა, რომ მეტრო 18 მარტს ადგილობრივი დროით 12 საათიდან უნდა დაკეტილიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და მეტრო უკვე 17 მარტს გააჩერეს.

Resonancedaily.com


კომენტარები:

ფართი შოპი